„მარკა’’ წერს, რომ „რეალში’’ კარგა ხანია იციან, თუ რა ჰქვია ადამიანს, რომელსაც სრულიად ენდობიან და მზად არიან ყმაწვილთა აკადემიიდან დიდი გუნდის მწვრთნელად გადაიყვანონ. ამ კაცს მადრიდში ახალ ზიდანს უწოდებენ, სინამდვილეში კი ალვარო არბელოა ჰქვია. ფლორენტინო პერესი და კლუბის სხვა ხელმძღვანელები მასში ხედავენ გამარჯვებათა მანქანას, რაც თვით რაულში ვერ დაინახეს. ის, რასაც არბელოამ ხუთ თვეში მიაღწია ლეგენდარულმა შვიდმა ნომერმა „კასტილიას’’ სათავეში ყოფნის ექვს წელიწადში ვერ მოახერხა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ არბელოას რაულთან აპირისპირებენ. შესაძლოა ეს მართლაც ასე იყოს. „მარკას’’ ვერსიით ამ ნიჭიერ მწვრთნელს დიდი ამოცანებისთვის უფრო საფუძვლიანადქც უპირებდნენ მომზადებას, უნდოდათ მისთვის გარკვეული ხნით „კასტილიაც’’ კი ჩაებარებინათ, მაგრამ იქ რაულია. თან, „კასტილიასაც’’ კარგი შედეგები აქვს, ასე რომ არბელოას დაწინაურება ფაქტობრივად შემოვლითი გზით მოუხდათ. ის ჯერ სარეზერვო გუნდში დანიშნეს, სადაც თავი ჩინებულად წარმოაჩინა და ამის მერე უკვე დიდი „რეალიც’’ ჩააბარეს.
„ლა ფაბრიკაში’’ არბელოას დებიუტი 2020-21 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც „ინფანტილ A’’ ანუ ბავშვთა A გუნდი ჩააბარეს. ეს იყო პანდემიის დრო. ამის გამო გუნდმა მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 15 მოიგო, 2 კი ფრედ ითამაშა. ასეთი შედეგით გუნდი ჩემპიონი გახდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ეგრეთწოდებულ არბელოას ფეხბურთელთა პირველი თაობა: ალვარო გონსალესი, დანი იანიესი, პოლ დურანი, პაულო ლაგო, რეიესი და სხვები.
2021-22 წლებში მწვრთნელი კადეტების A გუნდის თავკაცად გადაიყვანეს, სადაც მან 30 შეხვედრიდან 23 მოიგო და მხოლოდ ორში დამარცხდა. ამ წელიწადს არბელოას გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.
2023-24 წლების სეზონში კი არბელოამ საბოლოოდ გაითქვა წარმატებული მწვრთნელის სტატუსი. ეს მან „ხუვენილ A’’ გუნდში შეძლო – 47 შეხვედრიდან 41 მოგება და მხოლოდ 1 წაგება. სწორედ მაშინ იფიქრა ყველამ, რომ არბელოა რაულის შემდეგ „კასტილიის’’ თავკაცი გახდებოდა.
სამწვრთნელო კარიერის მეოთხე სეზონში არბელოა კვლავ „ხუვენილ A’’-ს ხელმძღვანელობდა და ყმაწვილთა ლიგის მერვედფინალში „ლაიფციგის’’ დამარცხებით თავის მოგებათა რაოდენობა 100-მდე გაზარდა. ეს 2024 წლის 28 თებერვალს მოხდა. 124 მატჩის შემდეგ კი მისი სტატისტიკა უბრალოდ საოცარი იყო: მხოლოდ 16 ფრე და 8 წაგება.
„ხუვენილ A’’- ში არბელოას მორიგი სეზონიც წარმატებული ჰქონდა: 31 მოგება, 4 ფრე და 8 წაგება. მას „კასტილიას’’ თავკაცად გადასვლის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ… მას ეს საფეხური გამოატოვებინეს. „ლა ფაბრიკაში’’ ჩატარებული 200 შეხვედრის, 151 მოგების, 24 ფრისა და 25 წაგების შემდეგ ის პირდაპირ „ლოს ბლანკოსის’’ თავკაცად დანიშნეს.
ალვარო არბელოა სალამანკაში დაიბადა, ბავშვობაში „სარაგოსაში’’ ვარჯიშობდა, შემდეგ კი „რეალის C’’ გუნდში გადავიდა იქიდან დიდი კარიერია დაიწყო. მას ნათამაშები აქვს „რეალში’’, „დეპორტივო ლა კორუნიაში’’, „ლივერპულსა’’ და „ვესტ ჰემში’’, განაპირა მცველს ესპანეთის ნაკრებში 56 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ჩემპიონთა ლიგა არბელოას მოგებული აქვს ერთხელ „ლივერპულის’’, ხოლო ორჯერ „რეალის’’ შემადგენლობაში. ის არის მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
