
ინგლისში ყველა დეტალს აკვირდებიან, სწავლობენ და თუ საჭიროა იმაზე მეტ ყურადღებას ანიჭებენ, ვიდრე ის ერთი შეხედვით იმსახურებს. ასე მაგალითად, საიტმა empireofthekop „ლივერპულისა’’ და „მანჩესტერ იუნაიტედის’’ შეხვედრის ისეთ ნიუანსზე გაამახვილა ყურადღება, როგორზეც ჩვეულებრივ არ ლაპარაკობენ.
საქმე ეხება ეპიზოდს, რომელიც მეორე ტაიმში, ბოლოსკენ ვიხილეთ. ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო ანუ ჰარი მაგუაირს მერსისაიდელთა კარში გამარჯვების გოლი ჯერ არ გაეტანა, როდესაც დომინიკ სობოსლაიმ გიორგი მამარდაშვილს დაუგორა ბურთი, მაგრამ ვერ მოზომა, ძალა დააკლო და ქართველ მეკარეს მასთან მისარბენად დაძაბვა დასჭრიდა, კარის ხაზი მიატოვა. უნგრელი უკვე მარჯვენა მცველის პოზიციაზე ბრუნდებოდა, როდესაც მამარდაშვილმა მას ლაზათიანად შეუყვირა.
მაგუაირის გოლი უშუალოდ ამ მომენტს არ მოჰყოლია, მაგრამ , მაგრამ დიდი ხანიც არ დასჭირვებია, დაახლოებით ერთი წუთის მერე გავიდა. „ლივერპულ ექოს’’ ჟურნალისტმა პოლ გორსტმა ამავე ეპიზოდზე დაწერა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა’’ იგრძნო წამი, როდესაც თამაშის მოტრიალება შეიძლებოდა. თუ გახსოვთ, მანამდე „ლივერპული’’ უტევდა და ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მოგებას ეშურებოდა. გორსტმა კი ეპიზოდი, როდესაც სობოსლაიმ მამარდაშვილს ბურთი უხეიროდ დაუბრუნა ასე აღიქვა: „ეს იყო ინციდენტი, რომელმაც ბოლო პერიოდის „ლივერპულის’’ მძიმე აზროვნება დაგვანახა. ეს გუნდი ბოლო წუთებზე ცდილობს შეაგდოს გამარჯვების გოლი, მაგრამ აგებს’’.
მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, „ექოს’’ ჟურნალისტი ამბობს, რომ როდესაც რაიმე მიზანს მისდევ, არ უნდა აჩქარდე, ამჩატდე და აცანცარდე, თორემ ერთმა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა წამმა შეიძლება თამაშის ჩარხი უკუღმა დაატრიალოს.
Empireofthekop წერს, რომ გასულ სეზონში არნე სლოტის ხელმძღვანელობით „წითლები’’ სიმშვიდით და მოზომილი, ჭკუადამჯდარი მოქმედებებით გამოირჩეოდნენ, რაც ახალ სეზონში აკლიათ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატში პრემიერლიგის რვავე შეხვედრის ბედი 83-ე წუთის მერე ანუ ფაქტობრივად ბოლოწამს გადაწყდა.
Empireofthekop-ის აზრით კარგი იქნება თუ „ლივერპული’’ ცოტა „მოსაწყენ’’ ფეხბურთს დაუბრუნდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
