ლივერპულს სალაჰი უნდა გაეყიდა

Home კატეგორიის გარეშე ლივერპულს სალაჰი უნდა გაეყიდა
ლივერპულს სალაჰი უნდა გაეყიდა

Mohamed Salah of Liverpool battles for possession with Jorrel Hato of Chelsea during the Premier League match between Chelsea and Liverpool at...ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სემ ელერდაისი ამბობს, რომ „ლივერპულს’’ მოჰამედ სალაჰისთვის კონტრაქტი არ უნდა განეახლებინა. სერ ალექს ფერგიუსონი „ლივერპულის’’ თავკაცი რომ ყოფილიყო ეგვიპტელს გაყიდდაო. საინტერესოა, რომ 70 წლის მენეჯერმა ასეთი რამ თქვა რამდენიმე თვეში მას მერე, რაც სალაჰმა მერსისაიდელთა გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა და ერთ სეზონში შესრულებული გოლს პლუს საგოლე პასების საკლუბო რეკორდი გაიმეორა. სალაჰის კონტრაქტი „წითლებთან’’ გასული სეზონის ბოლოს უნდა ამოწურულიყო. მედიაში დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ გააგრძელებდა თუ არა ვარსკვლავი კლუბთან თანამშრომლობას. საბოლოოდ, სალაჰი „ენფილდზე’’ კიდევ ორი წლით დარჩა, მაგრამ ახალ სეზონში კარგად ვეღარ თამაშობს. ყველა შეჯიბრებაში ერთად 10 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გადააწოდა.

სტატისტიკა გვერდით იყოს და  ამ თამაშებს ეგვიპტელი მაინცდამაინც არ დასტყობია. მოედანზე ის შესამჩნევს ვერაფერს აკეთებს, პროცესზე გავლენას ვერ ახდენს. და აქ ელერდაისმა გაიხსენა ფერგიუსონის მიდგომა. „იუნაიტედის’’ ლეგენდარული მწვრთნელი 30 წელზე უფროს ფეხბურთელებს იშვიათად ყიდულობდა და თუკი შეამჩნევდა, რომ ვარსკვლავს კარიერის საუკეთესო პერიოდი უკვე გავლილი აქვს, სენტიმენტების გარეშე იშორებდა თავიდან.

„სალაჰს შეეძლო საუდის არაბეთში წასულიყო, დიდძალი ფული ეკეთებინა. ჩვენ ბევრი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ფეხბურთელი თავის კლუბთან კონტრაქტს აგრძელებს, საოცნებო პირობებს აფორმებს და კარგად ვეღარ თამაშობს. სერ ალექსი სალაჰს გაყიდდა. მან ზუსტად იცოდა როდის უნდა მოეშორებინა ფეხბურთელი თავიდან. ის ამ საქმის დიდოსტატი იყო. მოთამაშეს ზუსტად მაშინ გაუშვებდა, როდესაც მიხვდებოდა, რომ ის ხვალ დღევანდელივით ფასეული ვეღარ იქნებოდა’’, ― თქვა ელერდაისმა „ლივერპულისა’’ და „მანჩესტერ იუნაიტედის’’ საკვირაო შეხვედრის წინ, რომელშიც მერსისაიდელთა კარს წესით გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.