ვიტინიას უცნაური გასვლა

Home კატეგორიის გარეშე ვიტინიას უცნაური გასვლა
ვიტინიას უცნაური გასვლა

Vitinha gave way to Achraf Hakimi against Auxerre. FRANCK FIFE/AFP„პარი სენ ჟერმენისა’’ და „ოსერის’’ შეხვედრის 35-ე წუთზე მეტად უჩვეულო სცენის მოწმენი გავხდით: ვიტინია, რომელმაც ორიოდ წუთით ადრე ილია ზაბარნის ჩინებული პასით გოლი გაატანინა შეცვალეს. მოედნის კიდესთან ლუის ენრიკეს ასისტენტი რაფაელ პოლი იდგა და პორტუგალიელს სწორედ მან უხმო. ტელეეკრანზე კარგად ჩანდა, რომ ვიტინია დაღვრემილი ტოვებდა მოედანს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ის ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

მანამდე ვიტინია პარიზელთა მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო შესუსტებულ გუნდს ყოჩაღად კაპიტნობდა და თავისი ოსტატობის წყალობით გამარჯვებისკენ მიუძღოდა. ის არსად წაფორხილებულა. 32-ე წუთზე, როგორც გითხარით, ზაბარნის ჩინებული პასი ჩააწოდა. თითქოს ყველაფერი ხინჯისა და წუნის გარეშე მიდიოდა.

მატჩის შემდგომ „პარი სენ ჟერმენის’’ ზოგი ფეხბურთელი პრესის წინაშე წარდგა. მათ ვიტინიას შესახებ რაიმე სპეციფიკური არ იცოდნენ, მაგრამ მომხდარით გაკვირვებულებიც არ ჩანდნენ. ყველამ იფიქრა, რომ ვიტინია დაშავდა. ეს ყველაზე ლოგიკური ახსნა იყო. აბა, ექიმის მოთხოვნის გარეშე გუნდის ასეთი ლიდერი მოედანს 35-ე წუთზე როგორ დატოვებდა?

სენი მაიულუს ვიტინიასა და კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს. 19 წლის ფრანგმა ასე უპასუხა: „ახალი არაფერი ვიცი, მაგრამ ეს ფეხბურთია. მოთამაშეები შავდებიან. იმედი მაქვს, რომ ორივე მალე გამოჯანმრთელდება. როგორც ყოველთვის, მათ ყველა ხელს შეუწყობს. „ბარსელონასთან’’ სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ’’.

ლუკა ერნანდესი: „სადღეისოდ მართლაც ბევრი ტრავმირებული დაგვიგროვდა, მაგრამ ჩვენი ძალა გუნდურობაა. ყოველთვის, როდესაც ერთ ფეხბურთელს მეორის შეცვლა უწევს, მტკიცდება რომ ის საამისოდ მზად არის’’.

მაინც რა მოხდა? ვითომ ვიტინიამ თავად იგრძნო რაიმე დისკომფორტი და შეცვლა ითხოვა? ან იქნებ ჯანმრთელობის პარამეტრების აღმრიცხველმა სენსორებმა კომპიუტერში რაიმე გადაცდომა აჩვენეს? ლუის ენრიკემ ამაზე ენთუზიაზმით ნამდვილად არ ილაპარაკა.

ვიტინია იმიტომ შევცვალეთ, რომ გარკვეული პრობლემები შევნიშნეთ, ― თქვა მწვრთნელმა, ― არ ვიცი ის დაშავებულია თუ არა, მაგრამ რისკი აღარ გავწიეთ. სამწუხაროდ მასა და კვარაცხელიაზე დადებითს ვერაფერს ვიტყვი. ხვალამდე ან ზეგამდე უნდა დავიცადოთ, როდესაც ჩვენი ექიმები დიაგნოზს დასვამენ’’.

თამაშის შემდეგ ვიტინია დამშვიდე ჩანდა. კვარასა და ფაბიან რუისისგან განსხვავებით მან სხვა თანაგუნდელებთან ოსმან დემბელე და ლუის ენრიკეს ფანების ტრიბუნასთან მიაცილა. დემბელემ და ლუის ენრიკემ ხომ რამდენიმე დღით ადრე „ოქროს ბურთი’’ მოიგეს როგორც წლის საუკეთესო ფეხბურთელმა და წლის საუკეთესო მწვრთნელმა. ფრანგმა ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ პორტუგალიელი თავდახრილი მიდიოდა, მაგრამ არ კოჭლობდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.