პარიზული ქვაფენილის წითელი და შავი

Home კატეგორიის გარეშე პარიზული ქვაფენილის წითელი და შავი
პარიზული ქვაფენილის წითელი და შავი

დღეს პარიზი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს მასპინძლობს. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზზე უკვე მეორედაა ნომინირებული საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

რას გადააწყდებით მანჰეტენზე კვარტლებში, მილანში კიბეებზე, მოსკოვში ფიცარნაგებსა და პარიზში ქვაფენილზეო, თუ გვკითხეს, ვიცოდეთ, პასუხი თეატრია: ბროდვეი, ლა სკალა, ნა დოსკახ… მაგრამ პარიზი სხვაა, ის ხომ სიყვარულის გარდა თეატრების ქალაქიცაა – პალე როიალი, ოპერა გარნიე, კომედი ფრანსეზი, მულენ რუჟი და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი…

„შატლეს“ თეატრი, რომელიც “ბალონ დ’ორის“ დაჯილდოვების ცერემონიალს 2016 წლიდან მასპინძლობს, სარა ბერნარის თეატრის პირისპირ დგას და უძველესია მათ შორის. იმდენად ძველი, რომ ქართული კვალი აქ ჯერ კიდევ 1912 წელს გაუვლიათ, როცა ლერმონტოვის ლექსის „თამარის“ მიხედვით ერთაქტიანი ქორეოგრაფიული დრამა დაუდგამთ.

ბოლო ხანს დრამატიზმი არც ჩვენს საფეხბურთო ისტორიას აკლია. ზედიზედ სამი წელია, წითელ ხალიჩაზე საკუთარი ბილიკი ქართველმა ფეხბურთელებმაც გატკეპნეს – ხვიჩა კვარაცხელია მეორედ მოხვდა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის (ამჯერად მარსელთან მატჩის გადადების გამო ვერ ესწრება), შარშან კი სახელოვან კოლეგებს გიორგი მამარდაშვილმა გადაუგდო თეთრი ხელთათმანი, როცა იაშინის ჯილდოზე იყო წარდგენილი.

დღევანდელი ღონისძიების წამყვანებად უეფამ, რომელიც „ფრანს ფუტბოლის“ პარტნიორია, რუდ გულიტი და ოთხ ენად გაკრეფილი სი-ბი-ეს სპორტსის მიმოხვილველი ქეიტ სკოტი შეარჩია, რომელიც გეცოდინებათ, ანრისთან, კარაგერთან და მაიკა რიჩარდსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თოქ შოუს უძღვება.

„შავ ტიტად“ წოდებული „ფეიენოორდის“, პსვ-ს, „მილანისა“ და „ჩელსის“ ვარსკვლავი კი 1987 წლის „ოქროს ბურთის“ გარდა კიდევ ხუთ ენასაც ფლობს.

„შატლეს“ მედია-ცენტრში აკრედიტებული ჟურნალისტები ნელ-ნელა თავს იყრიან, თუმცა ვერავინ ბედავს აშკარა ფავორიტის დასახელებას. ფიქრობენ, რომ მთავარი ბრძოლა უსმან დემბელესა და ლამინ იამალს შორის გაიმართება. ფრანგთა სიმპათია ცხადია, დემბელესკენაა. სტატისტიკაზე მიდგება საქმე თუ ტიტულებზე, ევროპის საუკეთესო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი (ყველა ტურნირზე 35 გოლით) „ოქროს ბურთის“ მოგებას ერთნაირად იმსახურებსო.

ჩვენ კი ამჯერად უფრო სოლიდურ პოზიციაზე იმედით ველით პსჟ-ში მის ქართველ პარტნიორს. აგერ, უკვე 44 წელია, ტოპ-ათეულში ერთბაშად სამი ქართველის რამაზ შენგელიას (მე-7), ალექსანდრე ჩივაძისა (მე-8) და დავით ყიფიანი (მეათე) მოხვედრით ვიწონებდით თავს. თუმცა, კვარაცხელიამ იმდენ საფეხბურთო სპექტაკლში მოასწრო მთავარი როლის თამაში, მთელი საფეხბურთო ქვეყნიერება (და არამარტო) ჩვენს ქვეყანაზე აალაპარაკა. ამას მამარდაშვილის და მიქაუტაძის თუ კიდევ სხვა გამორჩეულ მოთამაშეთა კრებულის საერთო და ინდივიდუალური წარმატებაც რომ დაერთო, ბებერ კონტინენტსაც შევახსენეთ თავი – პირველივე ევროზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა.

კვარაცხელიას შარშანდელი მონაგარი სხვა ბევრი რამითაც გამორჩეულია. ორი სხვადასხვა ტოპ-5 ლიგის ჩემპიონობით ერთსადაიმავე სეზონში აქამდე სამად-სამი მოთამაშე თუ დაიკვეხნიდა. ხვიჩამ კი, ამ ყველაფერს საფრანგეთის თასისა და უეფას სუპერთასის მოგებაც დაურთო და ჯერჯერობით კარიერის მწვერვალად ზედ ჩემპიონთა ლიგის მოგება წამოასკუპა. ფრანგ კოლეგებთან იოლად ვთანხმდებით, რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი გავლენა პსჟ-ის თამაშზეც: გუნდმა, რომელსაც დეკემბერში ლიგის ფაზიდან გასვლა სათუო ჰქონდა, კვარაცხელიას შემატებით დაუმარცხებელი მონსტრის ძალმოსილება შეიძინა. თავად ხვიჩამ ნაოცნებარი ნაწილობრივ უკვე აიხდინა.

დღევანდელმა საღამომ კი შესაძლოა პასუხი სხვა კითხვასაც გასცეს, კერძოდ, რამდენად მიუახლოვდა ის თავის კიდევ ერთ სანუკვარ მიზანს.

ვახტანგ ბზიკაძე პარიზიდან საგანგებოდ „სარბიელისთვის“

ავტორის პროფილი

ვახტანგ ბზიკაძე