ვინ იცის, იმ ენით აუწერელ ხმაურში, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარამდე მისული დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა, მაგრამ გარეგნულად, თითქოს ვარჯიშზე მორიგ საწვრთნელ დარტყმას ასრულებდა, ისე მივიდა ბურთთან. ერთხანს უყურა, მერე დაიძრა, თითქმის შეუმჩნეველი პაუზა და… ბურთი კი არ გაფრინდა, ბურთი გაგორდა… მეკარემ გამოიცნო დარტყმის მიმართულება…
ერთი შექანება, გულიც კი შემიქანდა, მაგრამ იუველირის სინატიფითა და აფთიაქარის სიზუსტით შეასრულა ბიჭინიკამ ყველაფერი… ჰოდა იფეთქა! ათწლეულობით დაგროვილმა იფეთქა! ასაკის მიუხედავად! გენეტიკური მეხსიერებაც ხომ არსებობს! მძიმეა, როცა იცი რომ შეგიძლია, მაგრამ ის რაც უეჭველი შეგიძლია არაფრით გამოგდის, არაფრით გემორჩილება… ის ბიჭი ხომ ნახეთ, მარტო რომ ხარობდა სადღავ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, დედამიწის მეორე მხარეს… დიდებული რამ არის ფეხბურთი! დიდებული რამ არის საერთო, საყოველთაო, ურთიერთგაზიარებული სიხარული! თანაც ეს, ჩვენ, ქართველებს, განსაკუთრებით ლაზათიანად, ყველასგან გამორჩეულად, გემრიელად გამოგვდის!
დიდი და პატარა ერთად ხარობს! პოლიციელი და ხულიგანი ერთმანეთს ეხვევა! ეს ხომ მხოლოდ ფეხბურთს ძალუძს! ყველაფერზე უკეთესი ის არის, რომ ჩვენმა ღირსეულმა ახალგაზრდებმა იგემეს გამარჯვება! დე, მგლისებრ დაიგეშნონ გამარჯვებაზე! მომავალში იგივე შეუპოვრობით, არა, უფრო მეტი შეუპოვრობითა და ჟინით ისწრაფოდნენ მწვერვალებისკენ, ვიდრე იმ საღამოს ილტვოდნენ მიზნისკენ ფეხბურთელები მინდორზე და გულშემატკივრები ტრიბუნაზე! ის ევროპაზე გასასვლელად იყო საკმარისი, ახლა კი ახალი მიზნებისკენ გაგვეხსნა გზა! იმ საღამოს ზუსტად იმიტომ მოვიგეთ, რომ ყველამ, მინდორზე, ტრიბუნაზე, ქუჩაში, სახლში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ევროპაში, ყველამ ყველაფერი გაიღო გამარჯვებისთვის, ყველაფერი!!!
ყველა სრულად დაიხარჯა… დაცარიელდა… დაიმტვრა… დადნა… ღმერთი ხედავს ამას!.. ბოლოს მაინც ერთი ბიჭის კისერზე ჩამოეკიდა მთელი სიმძიმე… ბოლოს მაინც ერთი ბიჭის მარიფათზე ჩამოეკიდა მთელი ერი… ის ერთი ბიჭი, მინდვრის ცენტრიდან ბურთამდე რომ მიდიოდა, მთელი საქართველოს წონა პასუხისმგებლობას მიათრევდა საკუთარი ზურგით… ზუსტად ასეთი მტკიცე და გონიერი ბიჭინიკა გვჭირდებოდა იმ წამს… მივიდა, ერთხანს უყურა ბურთს, მერე დაიძრა, თითქმის შეუმჩნეველი პაუზა და … ბურთი კი არ შეფრინდა, იუველირული სინატიფითა და აფთიაქარული სიზუსტით, შეგორდა ბადეში!!! მრავალჟამიერ!!!!
დღეს ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერის დამთავრების შესახებ გამოაცხადა…
ავტორის პროფილი
- გაზეთ „სარბიელის" დამფუძნებელი, გამომცემელი და პირველი რედაქტორი
უახლესი პოსტები
დავთარი29/08/2025 | 21:18გული
დავთარი15/04/2024 | 16:01სამშობლო !!!
დავთარი01/04/2024 | 14:42გაამოთ !!!
დავთარი26/03/2024 | 12:35უფალი დიდია, აღდგომა და ხვალეო!