კალვიზანოს დრამა

Home დავთარი კალვიზანოს დრამა
კალვიზანოს დრამა

ის, რაც იტალიის ქალაქ კალვიზანოს სტადიონ „სან მიკელეზე“ მოხდა, რაგბის მოყვარულებს კარგა ხნით დაამახსოვრდებათ. მართალია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინიშზე მასპინძელ იტალიელებს 19:19 დაუზავდა და პლეი-ოფის აუტსაიდერთა ოთხეულში ამოყო თავი, მაგრამ მატჩის მსვლელობა, სატურნირო მიზნებისთვის ბრძოლის გარემოებები და საკუთრივ ქართველთა თამაში იმდენად დაუვიწყარი გახლდათ, რომ ამ სტრიქონების წაკითხვას აჯობებს მატჩის ხილვა – დიდი ალბათობით, სპორტის მოყვარულთა დიდმა უმრავლესობამ უპირატესობა პარალელურად მიმდინარე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „რეალის“ საფეხბურთო შეხვედრას მიანიჭა…

ეს იყო ნამდვილი დრამა, სპორტული გმირობის ელფერით და დიდი იმედგაცრუებით.

თავიდანვე ნათელი რომ იყოს, ტურნირის რეგლამენტს კიდევ ერთხელ განვმარტავთ: მონაწილე 12 ნაკრები სამ ოთხგუნდა ჯგუფშია განაწილებული. ჯგუფური ეტაპის შედეგად, პირველადგილოსნები და საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მეორეადგილოსანი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ, დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი და საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ორი მესამეაგილოსანი მე-5 ადგილისთვის ბრძოლას შეუდგებიან, ხოლო დარჩენილი მესამეადგილოსანი და სამივე აუტსაიდერი პლეი-ოფს მე-9 ადგილისთვის გამართავენ.

ახლა იმაზე, თუ რის შანსი ჰქონდა ლადო კილასონიას გუნდს ბოლო ტურში: ვინაიდან საქართველოსა და იტალიის 20-წლამდელთა მატჩი ჯგუფურ ეტაპს ასრულებდა, ყველა ვარიანტი ცნობილი იყო – თუ საქართველო იტალიას ბონუსითურთ, ანუ 4 ლელოს გატანის ფონზე დაამარცხებდა, დააგროვებდა 7 ქულას, დაიკავებდა ჯგუფში მეორე ადგილს, ოღონდ 11-ქულიანი არგენტინისა და 10-ქულიანი ინგლისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებლებით და ებმებოდა მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში.

თუკი საქართველო იგებდა ბონუსის გარეშე, აგროვებდა 6 ქულას და გავიდოდა მესამე ადგილზე, რადგან ასევე 6-ქულიან თანაჯგუფელ ირლანდიას ჩამორჩებოდა ურთერთშეხვედრის დათმობის გამო, თუმცა 2 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრას მოახერხებდა, თუ იტალიას უბონუსოდ, მაგრამ 16 ქულის სხვაობით მოუგებდა – პულ 1-ის მესამეადგილოსან ავსტრალიას 7 ქულა ჰქონდა, ხოლო უელსს ბ პულში 6 ქულა ჰქონდა დაგროვილი გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით -11, უმცროს ბორჯღალოსნებს კი იტალიასთან მატჩამდე -26 ჰქონდათ. ფრე ქართველებს ჯგუფის ფსკერზე ტოვებდა და საბოლოოდ ასეც მოხდა.

ახლა კი უშუალოდ დრამატულ თამაშზეც: მსაჯებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ ერთს კი დავძენთ – იაპონელი რეფერი არცთუ მაღალი კვალიფიკაციის აღმოჩნდა. მე-12 წუთზე, როცა ლუკა კეშელავას წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლაში წესების დარღვევა და ყვითელი ბარათი უნდა ყოფილიყო, ვიდეორეფერიმ ოდნავ უკან გადაახვია ფირი და განსახილველად შესთავაზა ეპიზოდი, როცა ჩვენი კაპიტანი ანდრო დვალი რაქში შევარდა და მხრით ერთ-ერთ იტალიელს თავზე შეეხო. ამ უკანასკნელს არაფერი დაჰკლებია, მაგრამ მსაჯმა „პერპინიანის“ მესამეხაზელი წითელი ბარათით გააძევა.

იტალიელებმა ეს ამბავი ეგრევე გამოიყენეს და ლელოც დაგვიდეს, თუმცა ვერ გარდასახეს.

ამასობაში ნათელი გახდა, რომ ქართულ შერკინებაში 7 ნომრად შუამარბ ნუგზარ ქევხიშვილის  ჩადგომის მიუხედავად, ჩვენი შერკინება იტალიელებისაზე ბევრად მაღალი დონისაა. დერეფანი და მოლი ხომ საერთოდ, ჩვენი მთავარი იარაღი აღმოჩნდა. ჰოდა, 34-ე წუთზე მიშა ხახუბიამ გათანაბრების ლელო სწორედ მოლის შედეგად დადო. ლუკა თაყაიშვილმა კიდიდან ოდნავ ააცილა – 5:5.

კაცნაკლულმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წნეხს მოუმატეს კიდეც, მაგრამ იტალიელებმა კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და 12:5 დაწინაურდნენ. შესვენებიდან დაბრუნებისთანავე მსაჯმა უკვე იტალიელი მიაბრძანა სინბინში და ამით რიცხობრივი წონასწორობა აღადგინა. შეტევის იშტაზე მოსულმა ქართველებმა ამის მერე იტალიელები სულაც დაჩაგრეს, საკუთარ ლელოს მიაჯაჭვეს და 9 ნომერმა გიორგი სპანდერაშვილმა კვლავ გამოაჩინა თავისი ამპლუისთვის აუცილებელი ალღო, მეტოქე ისე დაიწნია, რომ ლელოს დადების გარდა აღარაფერი დარჩენოდა. თაყაიშვილმა გარდასახა – 12:12.

ამის მერე ქართველები უკვე სრულად დომინირებდნენ, ოღონდ ისე რომ ლელოს გატანას ვერ ახერხებდნენ, ხოლო ჯარიმის გატანა არ სურდათ – სამქულიანი უპირატესობით მოგება ფრის ან მარცხის ტოლფასი იქნებოდა. მაგრამ იტალიელები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო რეფერიმ 63-ე წუთზხე ბურჯი მათე ღურწკაია გაგვიძევა და დავრჩით ცამეტნი. ეს კი არა, სულ მალე იტლიელებს ბურთი წინ გაუვარდათ და დაინიშნა ჩვენი შერკინება და ვინაიდან ჩვენ პირველხაზელი გვაკლდა და ამ შემთხვევაში ინიშნებოდა ცრუ-შერკინება, მოგვიწია კიდევ ერთი მოთამაშის იძულებით მოსაკლისებამ, მაგრამ ქართველებმა გაუძლეს! 69-ეზე იტალიელებმაც დაკარგეს ერთი კაცი და დავრჩით 12 ქართველი 14 იტალიელის წინააღმდეგ. ამასაც გაუძლეს ჩვენებმა, ხოლო როცა ღურწკაია დაბრუნდა, შემადგენლობები კვლავ გათანაბრდნენ და აქ უკვე მიშა შიოშვილმა საოცარი ლელო გაიტანა – ბურთი აიტაცა და ჩათვლის მოედნისკენ მიმავალ გზაზე სამი მეტოქე ჩამოიცილა და ძალისმიერი ლელოც დადო. თაყაიშვილმა არ ააცილა – 19:12!

ბოლო წუთი ჩვენებმა შეტევაში გაატარეს, იტალიელები ჩეჩქვეს და ჩეჩქვეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს და მასპინძლებმა კონტრშეტევაზე ლელო დადეს. პუბლიკა ზეიმობდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ აღმოაჩინა, რომ ლელოს გამტანმა ბურთი თამაშგარეში მიიღო და ლელოც გაუქმდა. ჩვენმა ბიჭებმა შტურმი გააგრძელეს და უკვე მე-6 დამატებულ წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბურთი ისევ დაკარგეს და ამჯერად იტალიელებმა წესების სრული დაცვით დაგვალელოვეს და გარდასახეს კიდეც – 19:19.

ასე რომ, 14 ივლისს, 17:30-ზე, მე-9 ადგილისთვის პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერკინებით ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებს.

 

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.