ბათუმში ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 691.250 ამერიკული დოლარია. აჭარას 107 მონაწილე ესტუმრა, მათგან შვიდი ქართველია.
გაიმართა პირველი რაუნდის მატჩები, სადაც საქმეში სამივე ქართველი ჩაება და შემდეგ ეტაპზე სამივე გავიდა. ბელა ხოტენაშვილმა ესპერანსა კაქსიტა მარტივად, 2:0 დაამარცხა და მეორე რაუნდში ნურგულ სალიმოვას გაეჯიბრება. კესარია მგელაძემ პამ ლეო შაოს პირველი პარტია მოუგო, მეორე ყაიმით დაასრულა – 1,5:0,5. კესარიას მეტოქე მეორე რაუნდში დივია დეშმუხი იქნება. აი, ანსტასია კირთაძეს კი, მეორე რაუნდში გასასვლელად ტაი ბრეიკი დასჭირდა. მეტოქეც ქართველი ჰყავდა – ესპანეთის სახელით მოასპარეზე ანა მათნაძე-ბუჯიაშვილი. კლასიკური პარტიები 1:1 დასრულდა, სწრაფ ჭადრაკში კი, კირთაძემ მეტოქეს ორივე მოუგო და მეორე რაუნდში მესამე ნომრად განთესილ ტან ჟონგს ეთამაშება.
მეორე რაუნდიდან საქმეში სხვა ქართველებიც ჩაებმებიან: ნანა ძაგნიძე დარია ჩაროშკინას ეთამაშება; ლელა ჯავახიშვილი – ულვია ფატალიევას; მერი არაბიძე – მარსელ ეფროიმსკის; ნინო ბაციაშვილი – ელნაზ კალახმეტს.
