ფრანგულ კლუბთა უმეტესობის მსგავსად „სენტ ეტიენმა’’ გასულ უქმეებზე ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. „მწვანეებმა’’ თავიანთი პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშეს და შვეიცარიულ „ეტუალ კარუჟს’’ 3:1 მოუგეს. ერიკ ჰორნელანდის გუნდის უარყოფითი დინამიკა შეიცვალა ― გასაგებია, რომ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ჯერ კიდევ გაჩარხავს საქმეებს ანუ შემადგენლობა ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ ახალი ცხოვრება უკვე დაიწყო. ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვება კი ჩვეულებრივი გამარჯვებაა, რომელიც ფეხბურთელების მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. გასულ სეზონში, ლიგა 1-ში „სენტ ეტიენმა’’ 20 თამაში წააგო და მხოლოდ 8 მოიგო.
„სენტ ეტიენს’’ გამარჯვება ბენ ოლდმა, ლამინ ფომბამ და ზურიკო დავითაშვილმა მოუტანეს, არადა თავიდან შვეიცარიული გუნდი იგებდა. დავითაშვილმა 59-ე წუთზე გაიტანა. შემდეგი თამაში „სტაფანუას’’ მომდევნო შაბათს „ტრუასთან’’ აქვს.
მატჩის დამთავრების შემდეგ „სენტ ეტიენის’’ ნორვეგიელმა მწვრთნელმა თქვა: „პროგრესის ბევრი გზა არსებობს. ამისათვის ამხანაგურ შეხვედრებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ფიზიკურად, ვფიქრობ ახალი სეზონისთვის მომზადების რიტმში შევედით. ყველაზე მეტად გოლის გაშვება არ მესიამოვნა, ასეთ გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქემ ჩვენს კართან ბევრი მომენტი ვერ შექმნა. ჩვენ კი მათ საჯარიმოში ხიფათი ათჯერ მაინც შევქმენით და ვფიქრობ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. კარგია, რომ ახალგაზრდული აკადემიის რამდენიმე მოთამაშეც ვათამაშეთ. პირველი, თუნდაც ამხანაგური მატჩის მოგება გუნდისთვის, რომელმაც გასულ სეზონში ბევრჯერ წააგო, მნიშვნელოვანია. მოგება ჩვევაში უნდა გადავიდეს’’.
„მწვანეები’’ ლიგა 1-ში დაბრუნების მთავარი კანდიდატები არიან და მათი მთავარი მიზანიც ეს არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
