სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ

Home დავთარი სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ
სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ

როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა თბილისის „მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნებს ტესტ-მატჩი მოუგო, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც.

5:34 – ასეთია თავსხმა წვიმაში გამართული მატჩის შედეგი, არადა საღამო ისე ლამაზად იწყებოდა… ორგანიზატორებმა მცირერიცხოვან მაყურებელს ეფექტური წინასამატჩო გახსნა შესთავაზეს, გორის ქალთა გუნდმა ჩვეული ვირტუოზულობით ჯერ ირლანდიის რესპუბლიკის ჰიმნი შეასრულა, მერე – საქართველოსი, მსაჯმა ჩასტვინა და რამდენიმე ათეული წამის შემდეგ სტუმრებმა ქართული დაცვა ცენტრიდან გაჭრეს და ლელოც დადეს…

ასე უიღბლოდ დაიწყო თამაში რიჩარდ კოკერილის გუნდისთვის და ასევე დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა ერთადერთი ლელო გაიტანეს – პირველი ტაიმის უკვე გაწითლებულ დროში მძლავრი მოლით სვლა თორნიკე ჯალაღონიამ ბურთის დამიწებით დააგვირგვინა, ლუკა მატკავამ ვერ გარდასახა და სამწუხაროდ, ეს იყო და ეს.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა შერკინმებამ მეტოქისაზე დომინანტური უპირატესობა დაამყარა, სტუმრებს მიყოლებით ჩაგრავდა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ არბიტრს ერთ-ერთი ირლანდიელი ბურჯი უნდა გაეძევებინა, მაგრამ ამ დროს ჯალაღონიამ ლელო გაიტანა, ტაიმი მორჩა და მეორე ნახევარში სულ ერთი-ორი შერკინება დაინიშნა.

ასე რომ, შერკინებაში უდიდესი უპირატესობა გამოუყენებელი დაგვრჩა. კიდევ მოლი გვქონდა ეფექტური, რომელიც ასევე ვერ გარდავსახეთ ქულებში, აი, ყველა დანარჩენ კომპონენტში კი ირლანდიელებმა ქართველებს პირწმინდად აჯობეს.

ბორჯღალოსნებმა კიდევ ორი ლელო კი დადეს, მაგრამ ორივე ჯერზე  – წესების დარღვევით. ბურთი დამიწებისას ჯერ აკაკი ტაბუცაძეს დაუვარდა, მერე კი ვანო კარკაძეს. ირლანდიელები კი ჰაერშიც დომონირებდნენ, თამაშის მართვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ფლანგებზე კუნძულელებივით დაქროდნენ, მოკლედ, წამყვანი მოთამაშეების გარეშეც ეს გუნდი ექსტრა-კლასისაა.

ისე, სიმართლე ითქვას, „სამყურებს“ არც გაუგიჟებიათ თავი, უბრალოდ მთელი 80 წუთის განმავლობაში სტაბილურად და მობილიზებულად ითამაშეს, ბორჯღალოსნებმა კი, პირიქით, ბოლო ხანებში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარეს.

რას იზამ, ირლანდია სარაგბო მსოფლიოს მესამე ერია, საქართველო – მე-11 და შესაძლოა, ორშაბათიდან ერთი საფეხურით დაქვეითდეს, თუ იაპონიას საკმარისი ქულა დაეკისრება დაჩაჩანაკებული უელსის ძლევისთვის.

ბორჯღალოსნებს შემდეგი საზაფხულო თამაში უკვე სამხრეთ აფრიკაში აქვს – ბლუმფონტეინის „ფრი სთეით სთედიუმზე“ ადგილობრივი „ჩიტასის“ წინააღმდეგ, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, რაც მხოლოდ ევროპის რაგბის ჩელენჯ თასზე ასპარეზობს, სადაც ასევე ქართული „შავი ლომიც“ გამოდის. მეტოქე სერიოზულია, თუმცა ეს შეხვედრა ატარებს მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მომზადების ხასიათს, ამაზე – მოგვიანებით.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.