მონტობანი პრო დ2-ის ჩემპიონია

Home სიახლეები მონტობანი პრო დ2-ის ჩემპიონია
მონტობანი პრო დ2-ის ჩემპიონია

ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგაში, საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი-ოფის ბადეც ჩამოყალიბდა.

ტოპ 14

ევროპის ბოლო ორი წლის საკლუბო ჩემპიონებმა „ტულუზმა“ და „ბორდომ“ შესაბამისად პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩემპიონო პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვებიან, თანაც ამ სტადიაზე საკუთარი კედლების უპირატესობით ისარგებლებენ.

მესამე ადგილზე ბექა გიგაშვილის „ტულონი“ გავიდა, რომელიც პლეი-ოფის პირველ წრეში 14 ივნისს ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ უმასპინძლებს, ხოლო მეოთხეადგილოსანი „ბაიონი“ ასევე საკუთარ სტადიონზე მე-5 საფეხურზე გასულ „კლერმონს“ ეთამაშება, რომლის ღირსებასაც გიორგი ახალაძე იცავს. ეს მატჩი 13 ივნისს შედგება.

ბოლო ადგილზე „ვანი“ დარჩა, რომელიც მომავალ სეზონს პრო დ2-ში გაატარებს, ბოლოსწინაზე კი გელა აფრასიძის „პერპინიანი“ გავიდა, რომელმაც დასკვნით ტურში რეგულარულის ჩემპიონი „ტულუზი“ კი დაამარცხა, თუმცა წინა ადგილზე მყოფ „სტად ფრანსეს“ მაინც ვერ დაეწია. საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, თავის მხრივ, ხსენებულ „კასტრს“ აჯობა, რაშიც გიორგი მელიქიძე დაეხმარა, რომელმაც მოედანზე ბურჯისთვის უჩვეულოდ დიდი დრო გაატარა – 67 წუთი.

პრაქტიკული მნიშვნელობის გარეშე დარჩენილ მატჩში „ლიონმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და 34:47 წააგო. ეს მატჩი გამოსამშვიდობებელი იყო დავით ნინიაშვილისთვის, რომელიც კარიერას „ლა როშელში“ გააგრძელებს. „ნინი“ ბევრს ეცადა, თუმცა ლელოს გატანა ვერ მოახერხა, მიუხედავად ამისა ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ხოლო მისმა აწ უკვე ყოფილმა თანაკლუბელმა ბექა საღინაძემ ტოპ 14-ში თავისი 50-ე მატჩი ჩაატარა. პარიზელთა სასტარტოში ქართველ ბურჯთა წყვილი იყო – გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი.

„კლერმონმა“ „მონპელიესთან“ სტუმრობა გამარჯვებით დაასრულა – 23:10, რამაც ეს „ვულკანები“ პლეი-ოფში გაიყვანა. „პომ“ კი, თავისი თეორიული შანსის გამოყენება ალალად სცადა, „ლა როშელს“ დიდი ბრძოლა გაუმართა, 32:18 მოიგო კიდეც, თუმცა საბოლოოდ თავადაც ვერ გავიდა პლეი-ოფში და „ლა როშელიც“ არ გაუშვა. ბასკთა შორის მატჩი სრულად ჩაატარა ბექა გორგაძემ, ხოლო ზღვისპირელთა სასტარტოში სანდრო ქუნთელია იყო, რომელმაც მხოლოდ სამიოდე წუთი დაისვენა, ანუ ბურჯისთვის მეტისმეტად ბევრი – 77 წუთი ითამაშა.

პრო დ2

უიქ-ენდის მთავარი სენსაცია კი ტულუზაში, „ერნე-ვალონზე“ დაფიქსირდა, სადაც პრო დ2-ის ფინალი გაიმართა. რეგულარული სეზონის დიდი უპირატესობით მომგებმა „გრენობლმა“ პლეი-ოფში ძლივს მოხვედრილ „მონტობანს“ ვერაფერი მოუხერხა და 19:24 დათმო.

საფრანგეთის 1967 წლის ჩემპიონმა არათუ მეტოქე, საკუთარი ფანობაც კი გააკვირვა, იმდენად მოულოდნელი იყო ამ გუნდისგან ტოპ 14-ში აღზევების პერსპექტივა, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ვახტანგ ჯინჭარაძის, ლუკა აზარიაშვილის, მირიან ბურდულისა და ბადრი ალხაზაშვილის კლუბი მომავალ სეზონს ტოპ 14-ში გაატარებს, ხოლო „გრენობლს“ „პერპინიანთან“ ჯახი ელის, სადაც გადაწყდება, რომელი მათგანი ითამაშებს ტოპ 14-ში და რომელი – პრო დ2-ში. სიტყვამ მოიტანა და ამ ეტაპზე „მონტობანთან“ კონტრაქტი მხოლოდ აზარიაშვილსღა აქვს, დანარჩენების ბედს კი მიმდინარე ზაფხულში შევიტყობთ.