როკენCole მუდრიკის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე როკენCole მუდრიკის გარეშე
როკენCole მუდრიკის გარეშე

Cole Palmer of Chelsea FC and Isco of Real Betis competing for the ball during a soccer match.„ჩელსიმ’’ „ბეტისს’’ კონფერენციის ლიგის ფინალში 4:1 მოუგო და ჯილდო აღმართა.

თავიდან „ბეტისი’’ იგებდა, მაგრამ კოულ პალმერმა ორი საგოლე პასით ლონდონელები გამარჯვების ტალღაზე მომართა: გოლები ენცო ფერნანდესმა და ნიკოლას ჯექსონმა გაიტანეს. შემდეგ კი ჯეიდონ სანჩომ და მოისეს კაისედომ თითო დაამატეს. პალმერის გამორჩეული წვლილი „სანმა’’ გამორჩევით დააფასა და ლონდონელთა გამარჯვებისადმი მიძღვნილ წერილს  „როკენ კოლი’’ დაარქვა.

ამრიგად, „ჩელსიმ’’ კომპლექტი შეკრა: ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში გამარჯვების შემდეგ კონფერენციის ლიგაც მოიგო და ყველა თანამედროვე ევროთასის მფლობელი გახდა.

ძველი თასებიდან კი მას თასების და უეფას თასები ჰქონდა მოგებული, თან არაერთხელ, ლიგის წინამორბედი ჩემპიონთა თასი კი ვაგლახ, აკლდა.

ლონდონელთა ამ საყოველთაო ზეიმს ვერ შეუერთდა უკრაინელი ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი. დაჯილდოების ცერემონიალზე ის თანაგუნდელებთან ერთად არ ყოფილა.

საქმე ის არის, რომ 24 წლის ვარსკვლავი დისკვალიფიცირებულია, რადგან ოქტომბერში დოპინგ ტესტმა სისხლში მელდონიუმი (ინსულინის მაგვარი ნივთიერება) აღმოუჩინა.

ჯერ ცნობილი არ არის, იყო თუ არა აკრძალული ელემენტი B სინჯშიც, მაგრამ მუდრიკის სამწუხაროდ, ცნობა ტესტის ჩაფლავების შესახებ ზედ ვროცლავის ფინალის წინ მიუვიდა.

უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნება მაინც არ წაიხდინა და ფინალის სანახავად პოლონეთში ჩავიდა, სადაც სტეიკჰაუსში შეამჩნიეს. ეს „ჩელსის’’ მწვრთნელი ენცო მარესკამაც არ იცოდა.

„მართალი გითხრათ ვერ გავიგე… ის აქ არის? თუ ასეა, მიხარია მიშა ჩვენთან ერთად რომ ყოფილა. წარმოდგენა არ მქონდა. მიხარია, მიშა თუ ჩვენთან არის’’, – თქვა მარესკამ.

მუდრიკმა კონფერენციის ლიგის საწყის ეტაპებზე ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა, თუმცა 28 ნოემბერს „ჰაიდენჰაიმთან’’ 2:0 გამარჯვების შემდეგ მოედანზე ფეხი აღარ შეუდგამს.

უეფას წესების თანახმად ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელმაც ამა თუ იმ შეჯიბრების თუნდაც ერთ შეხვედრაში ითამაშა, მედალს იღებს, ასე რომ უკრაინელი ოფიციალურად და დამსახურებულად გახლავთ კონფერენციის ლიგის მიმდინარე შეჯიბრების გამარჯვებული.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.