ფინალის დროც დადგა! კვირას „მიხეილ მესხზე“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება და ცხადია, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მისი ერთ-ერთი მონაწილე ჩვენი ქვეყნის ნაკრები იქნებოდა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, თუ ვისი დამარცხება მოუწევდათ ბორჯღალოსნებს 2025 წლის ფინალში.
წესით, ეს პორტუგალია უნდა ყოფილიყო, მაგრამ „მგლები“ ზედმეტი თავდაჯერებულობისთვის დაისაჯნენ, როცა ნახევარფინალში თავის დედაქალაქ ლისაბონში ესპანეთის ნაკრებთან 31:42 დამარცხდნენ. ანუ წლევანდელი ფინალი გასული წლებისგან განსხვავებული იქნება თავისი შემადგენლობით.
განსხვავებული იქნება იმითაც, რომ თბილისში პირველად გაიმართება მას მერე, რაც ტურნირის ჩატარების სისტემა შეიცვალა. მთავარია, „მესხზე“ სოლიდური აუდიტორია შეიკრიბოს, რაც ჩვენი ბიჭების ერთგვარი დაფასებაც იქნება.
ესპანეთს არ ჰყავს ძლიერი გუნდი და „ლომების“ ფინალისტობა მათთვის თავისთავად წარმატებაა. ქართველთა დამარცხებასაც აპირებენო, ამბობენ… აქ იმის შეხსენება სულაც არ იქნებოდა უადგილო, რომ მიმდინარე გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე ეს გუნდები ერთმანეთს მადრიდში უკვე შეხვდნენ და ის თამაში რიჩარდ კოკერილის გუნდმა 62:32 მოიგო, თან საუკეთესო რაგბიც არ უჩვენებია.
რაც შეეხება ჩვენი ნაკრების შემადგენლობას, კიდევ ერთხელ გამეორდება ის ვარიანტი, როცა ტრავმირებული ლუკა მატკავას არყოფნაში მგეზავად დავით ნინიაშვილი ითამაშებს, ხოლო ფულბექად დაჩი პაპუნაშვილი განაწესეს. კიდევ ისაა სიახლე, რომ მარქაფაში ლუკა ცირეკიძე გამოჩნდა, ვისაც ორი ხსენებული პოზიციის დაფარვაც შეუძლია და კარში დარტყმაც. ესაა და ეს. დანარჩენი – ხვალ 16 საათიდან ვაკეში.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩში
- ნიკა აბულაძე (მონპელიე, 20 კეპი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 22, 30), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 13, 15), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 17, 25), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 24, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 21, 20), 7. ბექა საღინაძე (კაპიტანი, ლიონი, 46, 20), 8. ბექა გორგაძე (პო, 49, 60), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 93, 93), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 40, 107), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 119, 100), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 12, 15), 13. გიორგი შველიძე (ბრივი, 2, 0), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 50, 235), 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, 4, 8,).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 4, 5), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 11, 5), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 17, 0), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი, 2, 0), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 39, 25), 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 59, 50,) 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 2, 0), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 67, 50).