„არსენალის’’, „მანჩესტერ სიტისა’’ და „ლივერპულის’’ შემდეგ „პარი სენ ჟერმენს’’ ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ინგლისურ გუნდთან მოუწევს თამაში: მეოთხედფინალში „ასტონ ვილას’’ ბარიერი ექნება გადასალახავი. პარიზელები ბირმინგემელებთან ცხადია ფავორიტებად მიიჩნევიან. „მერსისაიდელებთან’’ ჩატარებული ორი შესანიშნავი თამაშის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენს, რომ პსჟ-მ შეიძლება წააგოს გუნდთან, რომელიც მათ მიერ ძლეულ მეტოქეს პრემიერლიგის ცხრილში 25 ქულით ჩამორჩება.
Canal+ -ის კონსულტანტმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ჟან-ლუკ არიბარმა თქვა: „ასტონ ვილას შეტევა და რისკზე წასვლა უყვარს, თუმცა ბარკოლას, კვარაცხელიას, დუესა და დემბელეს წინააღმდეგ რომ თამაშობ დაცვის ხაზის წინ გაწევა შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან უკან დიდი სივრცე დაგრჩება. ბირმინგემელები სტაბილურობით ვერ გამოირჩევიან, მათ შეუძლიათ იყვნენ საუკეთესონი ან უარესნი. სათადარიგოთა სკამი გრძელი არ აქვთ, ამიტომ რამდენიმე შეჯიბრებაში თანაბრად თამაში უჭირთ’’.
ოთხშაბათს ინგლისურმა კლუბმა „ბრიუგეს’’ 3:0 მოუგო. პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდა: 3:1. პირველ ტაიმში ბელგიელებს ფეხბურთელი გაუგდეს, მაგრამ ბირმინგემელებმა ამით ვერ ისარგებლეს, თავიანთი ფეხბურთი ვერ ითამაშეს. შესვენების შემდეგ კი „ვილამ’’ გაზს ფეხი მიაჭირა და სამი გოლი შეაგდო. საინტერესოა, რომ სამიდან ორი თერთმეტწუთიან მონაკვეთში პსჟ-დან ახლახან იჯარით გადაყვანილმა მარკო ასენსიომ გაიტანა.
„ასტონ ვილა’’ კვლავ იბრძვის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის, სადაც „პრესტონს’’ უნდა შეხვდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ვილა’’ არასტაბილურია. ასე მაგალითად, ბოლო თვის განმავლობაში მან მოუგო „ჩელსის’’, ფრედ ითამაშა „ლივერპულთან’’, მაგრამ წააგო „ვულვზთან’’ და დაზავდა „იფსვიჩთან’’.
„ასტონ ვილას’’ მწვრთნელისთვის უნაი ემერისთვის, აგრეთვე ფეხბურთელებისთვის ლუკა დინიესა და ასენსიოსთვის „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრა თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებას ნიშნავს. სხვათა შორის, როდესაც ემერი პსჟ-ს წვრთნიდა, პარიზელებს მოუწიათ დაპირისპირება „ბარსელონასთან’’, რომელსაც მაშინ… ლუის ენრიკე ედგა სათავეში. ეს 2017 წლის ის დაუვიწყარი ჯახია, როდესაც „პარკ დე პრენსზე’’ ემერის გუნდმა 4:0 მოიგო, „კამპ ნოუზე’’ კი ლუის ენრიკეს გუნდმა 6:1 უპასუხა.
ემერი „ვილა პარკზე’’ 2022 წელს გადაბარგდა და ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც დაცვაში რისკის ფასად უტევს. გასულ სეზონში „ასტონ ვილამ’’ პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. მიმდინარე სეზონში კი ბირმინგემელები შიდა ასპარეზზე უფრო ცუდად გამოდიან, მაგრამ ევროპაში ყოჩაღობენ: ჯგუფურ ეტაპზე თვით „ბაიერნი’’ დაამარცხეს 1:0.
„ვილას’’ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახლავთ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი, თუმცა ჟან-ლუკ არიბარი ამბობს, რომ მეკარე „პარი სენ ჟერმენს’’ მარტო ვერ დაამარცხებს. გუნდის ყველაზე ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა, რომლის საკვანძო ფიგურა „მონაკოს’’ ყოფილი ფეხბურთელი, 27 წლის იური ტილემანსია. კიდევ არიან ბუბაქარ კამარა, ამადუ ონანა და ჯონ მაკგინი. კარგი გამთამაშებელია მორგან როჯერსი. ფლანგებზე სწრაფად მოქმედებენ ჯეკობ რემზი და ლეონ ბეილი.
შეტევაში ოლი უოტკინსს ყველა შეჯიბრებაში ერთად 14 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გადაწოდებული. ზამთარში „ატონ ვილას’’ „მანჩესტერ იუნაიტედში თამაშით ცნობილი მარკუს რეშფორდიც შეუერთდა, თუმცა ახალგაზრდობაში რომ დაქროდა ისე ვეღარ თამაშობს.