
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრების პირველი დღე საინტერესოდ ჩატარდა. „ბრიუგე’’ შინ დამარცხდა „ასტონ ვილასთან’’ 1:3; პსვ „არსენლმა’’ ეინდჰოვენში გაანადგურა 7:1; მადრიდული დერბი „რეალსა’’ და „ატლეტიკოს’’ შორის მასპინძლის სასარგებლოდ დამთავრდა 2:1; „დორტმუნდმა’’ და „ლილმა’’ კი დორტმუნდში 1:1 ითამაშეს.
ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ თავი ქუდში ყველაზე მეტად „არსენალს’’ აქვს. ლონდონში საპასუხო მატჩამდე 8 დღით ადრე „მეთოფეებს’’ შეუძლიათ მეოთხედფინალზე დაიწყონ ფიქრი. და კიდევ, მათ საფეხბურთო მსოფლიოს თვალნათლივ აჩვენეს, თუ რამხელა განსხვავებაა ტოპ და მეორე ეშელონის გუნდებს შორის.
გოლების ავტორთა ჩამოთვლა ამ შემთხვევაში არაფრისმომცემი ჯაფა იქნებოდა, რომ არა 17 წლის და 348 დღის ეთან ნვანერი, რომელიც გახდა მესამე უმრწემესი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე გოლი შეაგდო. პირველზეა ბოიან კრკიჩი (17 წელი და 217 დღე), მეორე კი ჯუდ ბელინგემი (17 წლის და 289 დღის).
„რეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ შეხვედრამ კი ნამდვილად დატოვა ინტრიგა. „თეთრებმა’’ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს: 2:1. გასული გათამაშების გამარჯვებულთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო – როდრიგომ მე-4 წუთზე შესანიშნავი ინდივიდუალური თამაშის შედეგად გახსნა ანგარიში. 32-ეზე ხულიან ალვარესმა არანაკლები ოსტატობით გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში (55-ე წუთი) ბრაჰიმ დიასმა მაინც შეაგდო მასპინძლეთა გამარჯვების გოლი.
ამრიგად „რეალი’’, რომელიც 12 თებერვალს გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 300 თამაში მოიგო, გახდა ასევე პირველი, რომელმაც ამ შეჯიბრებაში 500 მატჩი ჩაატარა. ის უსწრებს „ბაიერნს’’ (404) და „ბარსელონას’’ (357). შედარებისთვის: „პარი სენ ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგაში 165 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
„ლილმა’’, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლიგა 1-ში ხსენებულ „პარი სენ ჟერმენთან’’ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა (1:4) „დორტმუნდს’’ გერმანიაში არაფერი დაუთმო – 1:1. შესაბამისად, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 გუნდს გერმანიის ჩემპიონატის მე-10 გუნდთან საპასუხო შეხვედრის წინ კარგი შანსი აქვს. პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და კარიმ არეიემიმ 20 მეტრიდან ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში. შესვენების შემდეგ კი ფრანგულმა გუნდმა ძალ-ღონე მოიკრიბა და ანგარიში ჰაკონ ჰარალდსონის გოლით გაქვითა.
ცალი თუ ორივე ფეხით მეოთხედფინალშია „ასტონ ვილა’’, რომელმაც, როგორც თავში გითხარით, ბრიუგეში 3:1 მოიგო.