Florian TARDIEU of Saint-Etienne and Zuriko DAVITASHVILI of Saint Etienne during the Ligue 1 McDonald's match between Saint-Etienne and Angers at...„სენტ ეტიენისა’’ და „ანჟერის’’ შეხვედრა სტუმრებმა 94-ე წუთზე პენალტით გადაარჩინეს — 3:3. ამ ემოციურ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა მეორე ტაიმიდან მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე პასი შეასრულა. როდესაც ქართველი მოედანზე შევიდა ანგარიში იყო 2:1 „ანჟერის’’ სასარგებლოდ (რომელიც მე-17 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა). დავითაშვილმა 52-ე და 73-ე წუთებზე მარცხენა ფრთიდან საგოლე პასები ჩააწოდა და მასპინძლები 3:2 დაწინაურდნენ (განსაკუთრებით კარგი იყო მეორე ეპიზოდი), მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრა მაინც ფრედ დასრულდა. „სენტ ეტიენი’’ ცხრილის ქვედა სამეულშია და გავარდნა ემუქრება.

Flashscore-მა ზურიკოს 7.9 ქულა დაუწერა, whoscored-მა 7.8, ხოლო sofascore-მა 8.1.

„შერეული გრძნობები მაქვს, ― თქვა მატჩის შემდეგ „სენტ ეტიენის’’ ნორვეგიელმა თავკაცმა ეირიკ ჰორნელანდმა, ― პირველი ორი გოლის გაშვების გამო ჯერ კიდევ ვერ დავწყნარებულვარ. ეს ორი გოლი ჩვენს პრობლემებს კარგად წარმოაჩენს. შემდეგ კი თამაშის სადავეები ხელთ ვიგდეთ. ჩვენმა პირველმა გოლმა და ბურთის ძელისთვის გარტყმამ შესვენებაზე ოპტიმისტურად გასვლის საბაბი მომცა. მეორე ტაიმში ორი მშვენიერი გოლი შევაგდეთ და დავწინაურდით. ბოლოს კი… იმასთან შეგუება, რომ მსაჯის წამატებულ წუთებში შენს კარში პენალტი გააქვთ, ძნელია. თუმცა, თამაშიდან დადებითი გრძნობაც გამომყვა იმის გამო, რომ ჩემს მოთამაშეებს ჩამორჩენის პასუხად სწორი რეაქცია ჰქონდათ.

შესვენებისას ბიჭებს რა ვითხარი? არაფერიც არ მითქვამს. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა უპირველეს ყოვლისა გაწბილების განცდას უნდა გაართვან თავი. ხვალ ვარჯიშზე შევიკრიბებით და ამ შეხვედრას გადავხედავთ როგორც გაკვეთილს. საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება. ვფიქრობ, მიზნის მიღწევა სრულიად შესაძლებელია. წინააღმდეგობები უნდა გადავლახოთ’’.