Khvicha KVARATSKHELIA during the Ligue 1 McDonald's match between Toulouse and Paris at Stadium de Toulouse on February 15, 2025 in Toulouse, France.მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად „პარი სენ ჟერმენმა’’ ტულუზში ფაბიან რუისის გოლით 1:0 მოიგო. მასპინძლებს რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა ჰქონდათ, მაგრამ პარიზელებიმა უკანა გზაზე მაინც სამი ქულა გაიყოლეს. 22 ტურის შემდეგ ლიგა 1-ის ცხრილში პსჟ ლიდერობას ინარჩუნებს და მეორე ადგილზე მყოფ „მარსელს’’ 10 ქულით უსწრებს.

ფრანგულ პორტალ maxifoot-ს მხოლოდ ფეხბურთელების კი არა, მთლიანად მატჩების შეფასება სჩვევია. ამ შეხვედრას მან 10-დან 4 ქულა დაუწერა. საიტის თქმით თამაში რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. თავიდან ღია ფეხბურთი გაჩაღდა, რომლის დროსაც მასპინძლებმა კონტრშეტევებით გამოიჩინეს თავი, ხოლო პარიზელები უკბილოდ უტევდნენ; მერე პსჟ-მ თამაშის სადავეები ხელთ იგდო და გოლი გაიტანა, ბოლო მონაკვეთი კი უინტერესო გამოვიდა.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს მატჩი ექსპერიმენტული იყო. ქართველი გარემარბი ლუის ენრიკეს ცენტრალურ თავდამსხმელად ჰყავდა განწესებული. რაც პარიზში გადავიდა კვარაცხელია რეგულარულად უცვლის თანაგუნდელებს პოზიციებს და რაღაც ხნის განმავლობაში შუაში შედის, მაგრამ ასეთი რამ, ფაქტობრივად მთელი თამაში ცენტრში რომ გაეტარებინა, პირველად მოხდა. ეს უფრო ვარჯიშს ჰგავდა.

ხსენებულმა maxifoot-მა ხვიჩა 4 ქულით შეაფასა. საიტმა დაწერა: „შეხვედრა, რომელშიც ოსმან დემბელე ისვენებდა ქართველმა 9 ნომრად ითამაშა და ამ პოზიციაზე მოკრძალებული იყო. „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელი მეტოქის საჯარიმოში საშიში არ იყო, მასპინძელთა მეკარეებს („ტულუზმა’’ პირველ ტაიმში ტრავმის გამო გოლკიპერი შეცვალა) ხიფათი ვერ შეუქმნა, თუმცა რამდენიმე კარგი პასი შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, როდესაც მან ბერალდოს მისცა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი შორიდან ძელს გაარტყა’’.

Flashscore-მა ხვიჩა კვარაცხელიას 6.9 ქულა დაუწერა, whoscored-მა 6.7, ხოლო sofascore-მა 7.0. ზოგადად შეფასებები რომ სუბიექტურია იქიდანაც ჩანს, რომ ამ სამმა საიტმა ქართველის თანაგუნდელი და პარტნიორი ბრედლი ბარკოლა მასზე ნაკლები ქულით შეაფასა (6.7, 6.6, 6.4), ხოლო maxifoot-მა მეტით: 4.5.

მთავარი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „პარი სენ ჟერმენს’’ ტულუზში ექსპერიმენტების ჩატარების ფუფუნება ჰქონდა.