
გავიდა ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით დატვირთული იანვარი, სატრანსფერო ბაზარი ზაფხულამდე დაიკეტა. თვალშისაცემი იყო „მანჩესტერ სიტის’’ აქტიურობა. მანჩესტერელებმა ექვსი ფეხბურთელი შეიძინეს და ხუთი გაყიდეს. პასიურად არც იტალიური კლუბები იყვნენ. Calciomercato მაგალითად „მილანის’’ ხუთ შენაძენს იხსენებს (კაილი უოქერი, რიკარდო სოტილი, უორენ ბონდო, ჟოაო ფელიში, სანტიაგო ხიმენესი) და წერს, რომ 23 წლის მექსიკელი თავდამსხმელის ხომენესის ტრანსფერი ათ ყველაზე ძვირ გარიგებათა შორის მოხვდა. 20 წლის დანიელი განაპირა მცველი პატრიკ დორგუ „ლეჩედან’’ 32 მილიონ ევროდ „მანჩესტერ იუნაიტედში’’ გადავიდა. და, რასაკვირველია, სერია A-სთან დაკავშირებული მთავარი ტრანსფერი გახლდათ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’. თუმცა, იტალიური საიტი ხაზს უსვამს, რომ კვარაცხელიას 70 მილიონიანი ტრანსფერი იანვრის ყველაზე ძვირიანი გარიგება ვერ გახდა. ის მესამეა. Calciomercato გვთავაზობს აწ უკვე დახურული სატრანსფერო ბაზრის ყველაზე ძვირ ტრანსფერთა ჩამონათვალს, რომლის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- სანტიაგო ხიმენესი – „ფეიენოორდიდან’’ „მილანში’’; 32 მილიონი ევრო.
- ლუიშ ენრიკე – „ბოტაფოგოდან’’ „ზენიტში’’; 33 მილიონი ევრო.
- ვიტორ რეიში – „პალმეირასიდან’’ „მანჩესტერ სიტიში’’; 37 მილიონი ევრო.
- აბდუკოდირ ხუსანოვი – „ლანსიდან’’ „მანჩესტერ სიტიში’’; 40 მილიონი ევრო.
- გალენო – „პორტუდან’’ „ალ აჰლიში’’; 50 მილიონი ევრო.
- ჩავი სიმონსი – პსჟდან „ლაიფციგში’’; 50 მილიონ ევრო.
- ნიკო გონსალესი – „პორტუდან’’ „მანჩესტერ სიტიში’’; 60 მილიონი ევრო.
- ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლიდან’’ პსჟ-ში; 70 მილიონი ევრო.
- ომარ მარმუში – „აინტრახტიდან’’ „მანჩესტერ სიტიში’’; 75 მილიონი ევრო.
- ჯონ დურანი – „ასტონ ვილადან’’ „ალ-ნასრში’’; 77 მილიონი ევრო.
