პეპ გვარდიოლა ისევ თავის კაწვრაში შეამჩნიეს – მისი „მანჩესტერ სიტი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში „ბრიუგესთან’’ პირველ ტაიმში 0:1-ს აგებდა, რის გამოც კატალონიელმა მწვრთნელმა ინერვიულა.
ფლეი-ოფში გასასვლელად „სიტის’’ ბელგიურ გუნდთან აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ სტუმრების ნიგერიელმა თავდამსხმელმა 23 წლის რაფაელ ონიედიკამ პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გოლი შეაგდო. ამ ამბავმა 54 წლის მწვრთნელი საოცრად გააბრაზა. მისი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი, ფილ ფოდენი და სხვა ძვირადღირებული ვარსკვლავები თამაშობდნენ 45 წუთის შემდეგ მოედანს გატანილი გოლის გარეშე, თავჩაქინდრული ტოვებდა. და როდესაც შესვენებამდე წამებით ადრე გვერდიოლა თავის სკამზე ჩამოჯდა, ეკრანზე მისი დაკაწრული თავი გამოჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მდგომარეობა გამოსწორდა, მატეო კოვაჩიჩმა ანგარიში გაათანაბრა, რის მერეც ჯოელ ორდონესმა თავის კარში შეაგდო ბურთი და ბოლოს სავინომ მესამეც გაიტანა.
ანგარიშის გათანაბრებიდან ცოტა ხანში გვარდიოლა მსაჯებს ეკამათა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დასაჯეს. როდესაც „სიტი’’ წინ გავიდა, კატალონიელმა თავისი სათადარიგოთა სკამის მიმართულებით ბოთლი ისროლა. რაც შეეხება თავის კაწვრას, მიმდინარე სეზონში ეს თვითდაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. ნოემბერში, როდესაც მისმა გუნდმა „ფეიენოორდთან’’ 3:0 უპირატესობა ხელიდან გაუშვა და შეხვედრა 3:3 დამთავრდა, ის პრეს-კონფერენციაზე დაფხაჭნილი ცხვირით შევიდა. მაშინ მწვრთნელმა მომხდარი კანის პრობლემით ახსნა.
„მე კანის პრობლემა მაქვს. ორი თუ სამი წელია ანტიჰისტამინებს ვსვამ, თუმცა ცხვირი ფრჩხილით გავიკაწრე. დანარჩენი ნაკაწრები კი ალერგიის ბრალია’’, – თქვა მან.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საერთო ცხრილში „მანჩესტერ სიტი’’ 22-ე ადგილზე გავიდა და ახლა ფლეი-ოფში „რეალს’’ ან „ბაიერნს’’ შეხვდება.