ყველაფერი თითქოს კარგად დაიწყო – „შავი ლომის“ მორაგბეებმა სტუმრად ჩამოსული „ბაიონის“ ნახევარზე ფრანგებს წესები დაარღვევინეს და ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა – 3:0.

სულ მალე, დაახლოებით იგივე ადგილას, უკვე ჩვენმა შერკინებამ იმძლავრა, ჯარიმა კვლავ მატკავამ დაარტყა – 6:0. აი, ამის მერე კი ჯერ დაცვაში დავუშვით შეცდომა, რომლის შედეგადაც უგუვე მატკავას ლელოს ზონიდან თავისუფალი დარტყმით თამაშის განახლება დაევალა, რაც ქართული ფრენჩაიზის კაპიტანს ძალიან ცუდად გამოუვიდა. დაინიშნა მეტოქის შერკინება 5-მეტრა წყვეტილთან, რომელიც ლელოთი დასრულდა. გარდასახვა უიოლესი იყო – 6:7.

მერე ისევ სულელური შეცდომა და უკვე 6:14 ჩამოვრჩით. მალევე მატკავამ კიდევ გაიტანა ჯარიმა – 9:14, ცოტა ხანში ფრანგებმა ჯარიმითვე 8-ქულიანი სხვაობა აღადგინეს – 9:17, ტაიმის ბოლო შეტევაში კი ჩვენმა ბიჭებმა სტუმრები კარგად დაჩეჩქვეს, ბოლოს კი მეორე თანაკაპიტანმა ლუკა ივანიშვილმა აიღო ბურთი და 4-5-კაციანი წინაღობის გარღვევა და ბურთის დამიწება შეძლო. ლელო შესანიშნავი გამოვიდა და მატკავამ გარდასახვით ტაიმი 16:17 დაასრულა.

ჰოდა, როცა ასეთ ამაღლებულ სულისკვეთებას აღწევ, აზრადაც არ მოგივა, რომ „შავი ლომი“, როგორც მასაც და საქართველოს ნაკრებსაც ბოლო ხანებში დასჩემდა, მეორე ტაიმს ახლაც ჩააგდებდა. აკი ასეც მოხდა – ფრანგებმა, უფრო სწორად კი, ბასკებმა მეორე ნახევარში 24 უპასუხო ქულა მიითვალეს და საბოლოოდ 41:16 იმარჯვეს, ბონუსის 4-ლელოიან კრიტერიუმს ორით გადააჭარბეს, 5 სატურნირო ქულა მიიღეს და ამ „ნახევრად ძირითადი“ შემადგენლობით პლეი-ოფში გასვლის ამბიცია დაიბრუნეს. ალბათ გავლენ კიდეც, ჩვენ კი ჩვენი ვიკითხოთ…

არადა, ვამბობდით, ბაიონელებს იმდენად გამოუცდელი უკანახაზელები ჩამოჰყავთ, რომ ან უიმედოთ არიან, ან „შავ ლომს“ ვერ აფასებენ სათანადოდ. თურმე არც ერთი და არც მეორე – ზუსტად დაგვაფასეს და ის მოიმოქმედეს, რაც სჭირდებოდათ. ჩვენმა უკანა ხაზმა კი კრიტიკის ზღვარს დაბლა ითამაშა. ალბათ მხოლოდ თორნიკე კახოიძეს არ ეკუთვნის საყვედური – მართლაც ლომივით იბრძოლა და უამრავი ბოჭვა გააკეთა, დანარჩენებმა კი მინიმუმ თითო ბავშვური, საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. შეცვლაზე შესულმა იოანე მეტრეველმა, სანდრო თოდუამ და დავით ხუროშვილმა უბრალოდ ვერ მოასწრეს სიტუაციის გამოსწორება, იმდენად გვიან ჩართეს ბრძოლაში. გარდა ამისა, ივანიშვილმა ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად შესულმა სინაურიძემ კი მალევე სინბინში ამოყო თავი…

ამდენი იაღლიშის დაშვება კრიტიკულად გადამწყვეტ მატჩში მეტად უცნაური მოვლენაა. მოტივაციის ნაკლებობაზე საუბარი ზედმეტია – ფსონზე ხომ ეპოქალური გარღვევა – ევროთასის პლეი-ოფში გასვლა იდო, აი, მობილიზება, კონცენტრაცია, შეთამაშება კი ნაღდად დეფიციტში იყო.

რას იზამ, წელიწადში ამ დონის 4 თამაშს რომ ატარებ,იქ ხსენებული კომპონენტების დახვეწაზე ფიქრი რთულია. საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ, აც რაგბში ისეა ძნელი, როგორც არსად სხვაგან.

ჰო, ჩვენი პულის შესახებაც ვთქვათ: „გლოსტერმა“ ინგლისში უელსური „სკარლეტსი“ ბონუსით დაამარცხა – 31:7, ხოლო ფრანგულმა „ვანმა“ შინ შოტლანდიურ“ ედინბურგთან“ მცირედით წააგო – 25:29, რაც სანუგეშო ბონუსად დაუფასდა, სქოთებმა კი ბონუსი 4 ლელოსთვის მიიღეს.

მდგომარეობა შემდეგია: „ედინბურგი“ 11 ქულით პირველზეა, „გლოსტერი“ და „ბაიონი“ 9-9 ქულით მეორე-მესამეზე არიან და 19 იანვარს ერთმანეთს ბასკეთში დაეჯახებიან. მეოთხე საფეხურზე „ვანია“, რომელსაც 7 ქულა აქვს, „სკარლეტსი“ 6 ქულით მეხუთეა და „შავი ლომი“ 4-ით – ბოლოზე. უელსელები ფინიშზე „ვანს“ უმასპინძლებენ, ხოლო „შავი ლომი“ რიჩარდ ქოქრილის ყოფილ ნავსაყუდელ „ედინბურგს“ ესტუმრება.

ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ „შავ ლომს“ პლეი-ოფში გასასვლელად, ანუ მინიმუმ მეოთხე ადგილის დასაკავებლად შანსი ფაქტობრივად აღარ დარჩა…