დღეს, უფრო სწორად საქართველოს დროით უკვე ხვალ, ღამის პირველის ნახევარზე, „ვალენსია’’ დაშავებული გიორგი მამარდაშვილის გარეშე ბარსელონაში „ესპანიოლს’’ ხვდება. ამ შეხვედრის წინ ვალენსიურ მედიაში გუნდის მზადებაზე იმდენს არ ლაპარაკობდნენ, რამდენსაც მწვრთნელის შესაძლო ცვლილებაზე. ჯერჯერობით „ღამურებს’’ ისევ რუბენ ბარახა უდგას სათავეში, მაგრამ მისი შეცვლის საკითხი აქტუალურია და უკვე კანდიდატებსაც ასახელებენ.
ბოლო დღეებში კიკე სანჩეს ფლორესი ახსენეს. „ესტადიო დეპორტივოს’’ ცნობით, სპეციალისტს, რომელიც „ვალენსიას’’ 2005-07 წლებში წვრთნიდა, „მესტალიადან’’ უკვე დაუკავშირდნენ, მაგრამ მწვრთნელმა შეთავაზებაზე უარი თქვა. ამბობენ, რომ მან ვალენსიელთათვის მეტისმეტად დიდი გასამრჯელო მოითხოვა.
მეორე მხრივ, წერენ, რომ როგორც „ჩეები’’ ასევე თავად სანჩეს ფლორესი მზად არიან მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ. ბევრი რამ დღევანდელი შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ „ესპანიოლთან’’ მარცხის შემთხვევაში ბარახა თანამდებობიდან გაათავისუფლონ.