კვირას „შავ ლომს“ მიმდინარე ჩელენჯ თასზე პირველი გასვლითი მატჩი ელის – 17 საათზე უელსის ქალაქ ჰლანეჰლის „პარკ ი სკარლეტსზე“ დაიწყება ადგილობრივი „სკარლეტსისა“ და ქართული ფრემჩაიზის შეხვედრა.

ეს იქნება ახალი გათამაშების მეორე ტურის მატჩი. საინტერესო დამთხვევაა: შარშან, „შავი ლომისთვის“ სადებიუტო ჩელენჯ თასზე, ქართულ ფრენჩაიზს პირველი გასვლითი მატჩი სწორედ „სკარლეტსთან“ ჰქონდა და თუ დამთხვევაა, ბარემ სრულად დაემთხვეს. შარშან, ჯერ კიდევ ლევან მაისაშვილის ხელმძვანელობით „შავმა ლომმა“ შესანიშნავი გამარჯვება იზეიმა, დაამარცხა რა უელსური გუნდი – 23:7. ბრიტანელებმა თავისი ერთადერთი ლელო იმ თამაშის დებიუტშივე გაიტანეს, მერე კი ქულებს მხოლოდ ქართველები აგროვებდნენ, 23-დან 13 საკუთარ ანგარიშზე „შავი ლომის“ ახლანდელმა თანაკაპიტანმა ლუკა მატკავამ ჩაიწერა.

წლეულს „შავ ლომს“ ინგლისელი რიჩარდ კოკერილი თავკაცობს და სწორედ მისი იდეა იყო, გუნდს ორი კაპიტანი ჰყოლოდა – ხსენებული მატკავა და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი.

რაც შეეხება მიმდინარე ტურნირის სასტარტო ტურს, „შავმა ლომმა“, მოგეხსენებათ, ფრანგული „ვანი“ „მესხზე“ 22:19 დაამარცხა, ხოლო „სკარლეტსმა“ საფრანგეთში „ბაიონს“ მოულოდნელად მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და 16:17 წააგო.

ეს არის და ეს. დანარჩენი – კვირას, 17 საათზე…

„შავი ლომის“ შემადგენლობა „სკარლეტსთან“ მატჩში

  1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპიტანი), 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა (კაპიტანი),11. ამირან შვანგირაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა ცირეკიძე.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დავით აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე, 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.