დაჩი პაპუნაშვილი საფრანგეთში ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

ფრანგული სარაგბო პირველობის მე-8 ტური მეტად ნაყოფიერი გამოდგა ქართული ლეგიონისთვის. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, წარმატებული ტური პრო დ2-ში მოთამაშე ქართველებისთვის იყო, კიდევ მეტად რომ დავკონკრეტდეთ, მთავარი ამბები ხსენებული ლიგის ორ კონკრეტულ მატჩში მოხდა – ჯამში 6 ლელო, 4 ჯარიმა და 3 გარდასახვა! 48 ქართული ქულა ორ მატჩში მართლაც ფანტასტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას!

შედეგად კი, გულშემატკიბრებმა გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ ორიაკელი დაჩი პაპუნაშვილი დაასახელეს, ხოლო მისი თანაკლუბელი მიხეილ ალანია ტურის სიმბოლურში შეიყვანეს. ყოველივე პრო დ2-ს ეხება, თორემ ტოპ 14-ის მე-8 ტურმა ჩვენთვის რაღაცნაირად შეუმჩნევლად ჩაიარა.

ტოპ 14

ლიგაში ლიდერი შეიცვალა – ჩემპიონმა „ტულუზმა“ „ტულონს“ უმასპინძლა და 57:5 გააცამტვერა.

„კლერმონმა“ ექვსეულში ადგილი შეინარჩუნა, არადა „ვულკანებმა“ დედაქალაქში მტკივნეული მარცხი განიცადეს – 6:36 და „სტად ფრანსემ“ მარცხიანი ნავსი გატეხა, რაშიც გარკვეული წილი გიორგი მელიქიძემაც შეიტანა. თუმცა, სასტარტოში მყოფმა ქართველმა ბურჯმა 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

„პერპინიანი“ კი ბოლოსწინა ადგილზე ჩამოგორდა, წააგო რა იგივე პარიზში. „რასინგ-92“-მა გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის დახმარებით 30:23 მოუგო კატალონიურ კლუბს, რომლის სასტარტოში ვეტერანი გიორგი თეთრაშვილი იყო.

პრო დ2

აი, ამ ლიგაში კი სულ სხვა ამბები იყო. ტურის სასტარტო მატჩში „გრენობლი“ მირიან ბურდულის „მონტობანთან“ სტუმრად  25:30 კი დამარცხდა და ოდენ სანუგეშო ბონუსს გამორჩა, თუმცა ფრიად სასიამოვნო იყო, რომ ალპელების სამივე ლელო ქართველებმა მიითვალეს, თანაც გიორგი ჯავახიამ თავისი მეორე სეზონური დუბლი საწყის 20 წუთში გაიფორმა, ხოლო ზემოხსენებული ნუგეშ-ქულა გუნდს გიორგი პერტაიას ლელომ მოუტანა, რომელმაც პარტნიორთა ძალისხმევა მე-4 „გაწითლებულ“ წუთზე დააგვირგვინა.

გიორგი ჯავახიამ მონტობანს ორი ლელო გაუტანა

ჯავახიას სეზონური მონაგარი ამიერიდან 5 მატჩში 4 ლელოს შეადგენს, პრო დ2-ში ჯამური – 116 მატჩში 19 ლელოს. გიორგი პერტაია კი ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, რომლის 3 მატჩში 2 ლელო აქვს. ისიც ვთქვათ, რომ თავისი უმნიშვნელოვანესი ლელოს გატანის შემდეგ პერტაიამ აკრობატული მალაყი შეასრულა, რომელიც უფრო გუნდის ხელმძღვანეობისკენ იყო მიმართული, ვიდრე პუბლიკის მისამართით.

„მონ-დე-მარსანისა“ და „ორიაკის“ შეხვედრა კი ფრანგულ პრესაში „დიდ მატჩად“ მოინათლა. მთელი თამაშის განმავლობაში ანგარიში ქულა-ქულაში ვითარდებოდა, ხოლო როცა 20 წუთი დარჩა, „ორიაკი 7 ქულით დაწინაურებული აღმოჩნდა. აქ საქმეში შეცვლაზე ახალშესული მასპინძელი იოანე იაშაღაშვილი ჩაერთო, ვისმა ლელომაც წონასწორობა აღადგინა – 27:27. თამაში უკიდურესად დაიძაბა, მაგრამ იმ დღეს ორიაკელთა დამრტყმელ დაჩი პაპუნაშვილს ფეხი არ აჰკანკალებია და დარჩენილ დროში ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც ამის დასტურია. ასე აღნიშნა ახალგაზრდა ფულბექმა ნაკრებში პირველი გამოძახება. ის ორი ჯარიმა რაა – დადჩიმ კიდევ ორი მანამდე გაიტანა და გუნდის სამივე ლელო გარდასახა, რამაც ჯამში 18 ქულა შეადგინა! იმ სამი ლელოდან ორი კი ქართველთა ანგარიშზეა – ორიაკელთა პირველი შეტევა მოლით გაგრძელდა და კვაჭმა ლუკა ნიორაძემ თავისი საქმე უნაკლოდ შეასრულა, მიშიკო ალანიამ კი თავისი ლელო ბურთის მოლიდან „მოპარვითა“, მოულოდნელობის ხარჯზე გაიტანა, რაც ახალგაზრდა 9 ნომერს ტურის სიმბოლურში მოხვედრად დაუფასდა. პაპუნაშვილი კი, როგორც ითქვა, მე-8 ტურის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.