„ვალენსიამ’’ შინ 2:3 წააგო „ლას პალმასთან’’. 10 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6 ქულა აქვს. „ლას პალმასი’’ ბოლოს წინა ადგილზეა, ხოლო „ვალენსია’’ ბოლოზე.

მასპინძელთა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა სამი დარტყმა მოიგერია, აქედან ორი ისეთი, მის ოსტატობას რომ შეეფერება, გაშვებული გოლებიდან კი ერთადერთი, რომელშიც შეიძლება გიორგის ნაწილობრივ ბრალზე ვილაპარაკოთ მეორე იყო, როდესაც მან მართალია საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ ის უმეთვალყურეო მეტოქეს მიუვიდა. თუმცა, ამ ეპიზოდში უპირველეს ყოვლისა „ღამურების’’ მცველებს მართებდათ პოზიციების გამაგრება-შევსება.

კიდევ იყო ორი მომენტი, როდესაც მამარდაშვილმა ფეხით თამაშის დროს ბურთი თანაგუნდელს ვერ გადააწოდა ― აუტში გადააგდო. შეხვედრის ბოლო წუთებში კი „ვალენსიამ” გოლი შეაგდო და ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა— 2:3. ამის შემდეგ მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს, გიორგი კი კუთხურის დროს ორჯერ მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა თავურის დასარტყმელად, მაგრამ პასი მას არ მიაწოდეს.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ ცუდად არ ითამაშა, თუმცა „ვალენსია’’ იმდენად სუსტი გუნდია, რომ მისი რომელიმე ფეხბურთელის კარგად თამაშზე ლაპარაკი უხერხულია.