„შავმა ლომმა“ ესპანელებს პორტუგალიელებიც მიაყოლა – „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგ ტურში ლისაბონში იქაური „ლუზიტანუში“ 38:14 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ ქართული და პორტუგალიური სარაგბო ფრენჩაიზების აწ უკვე სამივე მატჩი ლისაბონში გაიმართა და თითოეული რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა.
2022-ში ფინალი იყო და „შავმა ლომმა“ დიდი გაჭირვებით მოიგო – 17:14. შარშან ეს მეტოქეები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს და ქართველებმა 22:0 იმარჯვეს, ანუ ლუზიტანიელებს არც ხელი გაანძრევინეს და არც ფეხი.
შაბათის მატჩი კი ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომელთაგან პირველი შარშანდელი მატჩის მსგავსი იყო, ხოლო მეორე – შარშანწინდელისა.
შეხვედრა „შავი ლომის“ დომინაციით დაიწყო და ასე გაგრძელდა მეორე ტაიმის საწყის წუთებამდე. დროის ამ მონაკვეთში ჩვენმა გუნდმა 6 უპასუხო ლელო გაიტანა, თან ექვსივე – გააზრებული და ლამაზი თამაშის ფონზე.
აქ იყო მოლით დაცვის წალეკვაც, ტაბუცაძის საფირმო ფლანგური სუპერ-სპრინტიც, ხელდახელ კომბინაციებიც, პერანიძის მახვილგონივრული ინდივიდუალური გარღვევაც და მეტოქის დაცვის დაუნდობელი ჩეჩქვაც. ამასთან არც შერკინების დომინაცია უნდა დაგვავიწყდეს, სადაც სახელოვანი ვეტერანის ვასილ კაკოვინისა და გიორგი ჩხარტიშვილის წყვილი ირაკლი ქვათაძის აქტიური მონაწილეობით უბრალოდ ტკეპნიდა თავის ოპონენტებს. ლუკა მატკავამ 6-დან 4 ლელო გარდასაახა, ორი კი ააცილა, რომელთაგან ერთი ზედ გვერდითი ხაზიდან დაარტყა, მეორე – გაცილებით მარტივი.
ჰოდა, ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში დასრულდა – როცა ქართველთა უპირატესობამ 38:0-ს უწია, მათ აწყობილ, კარგად დაზეთილ და ინგლისელი რიჩარდ კოკერილის მიერ შესანიშნავად დაპროგრამებულ მექანიზმშუ უცებ რაღაც მოიშალა. ძნელი ასახსნელია, რა მოხდა, თუმცა ფაქტია, რომ ამ მომენტიდან მოყოლებული „შავმა ლომმა“ ღირებული ვეღარაფერი შექმნა, დათმო ყველაფერი და ტოტალურ დაცვაზე გადავიდა, სადაც ხელი ასევე მოეცარა.
პორტუგალიელებმა კი პირიქით, თითქოსდა ფერფლიდან აღორძინდნენ და ისე ათამაშდნენ, მაყურებელი არაფრით რომ აღარ ელოდა. ჩვენი გუნდი დაიჩაგრა შერკინებაშიც, რაქებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ბოჭვები ერთი მეორის მიყოლებით გვიცუდდებოდა და ისეთი შეგრძნება გაჩნდა, თამაში ცოტა კიდევ რომ გაგრძელებულიყო, „შავი ლომი“ ბონუსსაც დაკარგავდა და შესაძლოა, სულაც წააგებდა…
საბოლოოდ „ლუზიტანუში“ ორ ლელო-გარდასახვას დასჯერდა, მესამე სამართლიანად გაუუქმეს, თუმცა, ეს აფეთქება ცოტა ადრე რომ მოეხდინა, ვშიშობთ, რომ ანგარიში სულ სხვა იქნებოდა. ისე კი, 38:14 – „შავმა ლომმა“ ბონუსით მოიგო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.