უკლებლივ ყველა ნეაპოლური პორტალის მთავარი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. ვნებათაღელვა ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ გამოიწვია, რომელმაც „სქაი სპორტის” ეთერში თქვა, რომ „ნაპოლი” ქართველ ვარსკვლავს ხელფასს უმატებს.
„კლუბი მზად არის მაგიდაზე სერიოზული კონტრაქტი დადოს. ბონუსებთან ერთად კვარა მიიღებს იმდენს, რამდენსაც რომელუ ლუკაკუ, ამ წუთისთვის „ნაპოლის” ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი”, — თქვა ჟურნალისტმა. მას ლუკაკუს გასამრჯელო არ დაუკონკრეტებია, მაგრამ რამდენადაც იტალიურ პრესაში ეწერა ბელგიელი წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს, ოღონდ ეს გახლავთ თანხა დაქვითვამდე. დაქვითვის შემდეგ მას ხელზე 8 მილიონი დარჩება — ზრდის დეკრეტის სარგებლის საფუძველზე.
ჟურნალისტის ინფორმაციით ლაპარაკია 5 წლიან ახალ კონტრაქტზე, რომელშიც ჩაწერილი იქნება გამოსასყიდი თანხა. ის ამბობს, რომ კვარაცხელიასთვის ხელფასის მნიშვნელოვანი მომატება ახალი მწვრთნელის ანტონიო კონტეს დამსახურებაა.
უგოლინი: „კონტემ სწორი აკორდები აიღო. თავის მხრივ კვარა მის პროექტში საუცხოოდ ჩართულ ფიგურად ჩანს. ის ახალ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა”.
საყოველთაო აზრით ქართველთან ხელშეკრულების განახლება „ნაპოლის” მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. კლუბი ბოლოხანს სატრანსფერო პრობლემების წინაშეა, ასე კი ის ხმამაღლა განაცხადებს, რომ გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს და უმაღლესი მიზნები აქვს.
„ახლა კლუბის წარმომადგენლები და კვარაცხელიას გარემოცვა ერთმანეთს შეხვდებიან. სავარაუდოდ, მალე ყველაფერი მოგვარდება”, — თქვა უგოლინიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
