მოხდა ის, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა. როგორც AS წერს, „ლივერპულის” სატრანსფერო შეთავაზებები „ღამურების” მეპატრონეს პიტერ ლიმს არ მოეწონა და ქართველი მეკარე ჯერჯერობით კვლავ „ვალენსიაშია”. პირამდე სავსე „მესტალია” მამარდაშვილს ოვაციით შეეგება. გულშემატკივარი ერთხმად ყვიროდა: „გიორგი დარჩი!” ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა.

„საოცარია იმის ყურება, თუ რამდენ ხალხს სურს გიორგის დარჩენა. დიახ, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი არაფერია სათქმელი. „ლივერპულს” ძალიან სურს მისი ყიდვა და სულ ეს არის”, — თქვა Movistar LaLiga-თან საუბარში „ვალენსიას” სპორტულმა დირექტორმა მიგენ ალნხელ კორონამ.

ინგლისური მედია კი წერს, რომ ტრანსფერი სადაცაა ხორცს შეისხამს. „ლივერპული” „ვალენსიას” 30 მილიონ გირვანქას სთავაზობს, პლუს 4 მილიონი „ბორნმუთს”, სადაც მამარდაშვილი შესაძლოა შემდეგი ორი სეზონით იჯარით გადავიდეს და ეს თანხა შეადგენს კიდეც იმ 40 მილიონ ევროს, რომელსაც პიტერ ლიმი ითხოვს. თუმცა, „ბორნმუთისთვის” გადახდილი 4 მილიონი ლიმისთვის რა ხეირია, ამას არავინ განმარტავს.

რაც შეეხება „ვალენსიას” და „ბარსელონას” შეხვედრას, ის „ბარსელონამ” 2:1 მოიგო. მსპინძლებმა პირველ ტაიმში ტოლი არ დაუდეს მეტოქეს, გოლი გაუტანეს, რამდენიმე ნაღდი მომენტიც გაუშვეს ხელიდან, მაგრამ ზედ შესვენების წინ გაუშვეს კიდეც. მეორე ტაიმის დასაწყისში „ვალენსიამ” უაზრო პენლატი „აიკიდა” და ჩამორჩა. იყო ერთი ეპიზოდი, როდესამ მსაჯს ბარსელონელი პაუ კუბარსისთვის მეორე ყვითლის ამოღება და მისი მოედნიდან გაძევება მართებდა, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა. ბოლო 20 წუთის განმავლობაში კი „ვალენსია” გატყდა და ინიციატივა აღარ გამოუჩენია.
როგორ ითამაშა მამარდაშვილმა? პირველ გოლს, ისევე როგორც ცხრიანში დარტყმულ პენლატს ის ვერაფერს უზამდა, სხვა მხრივ კი თავი გამოიჩინა. „ვალენსიას” კარში ორივე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. მასპინძლების გოლი უგო დურომ შეაგდო.