BBC-ს კომენტატორმა, ვეტერანმა ბრიტანელმა კოშკიდან მხტომელმა ლეონ ტეილორმა პარიზი 2024-ის მსაჯებს „თავიანთი საქმის კეთებისკენ” მოუწოდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც იტალიელმა წყალში მხტომელმა მაია ბიჯინელიმ კოშკს კინაღამ თავი ჩამოარტყა.

პარიზის საწყლოსნო ცენტრში შეკრებილ მაყურებელს შეძახილი აღმოხდა, როდესაც 21 წლის ბიჯინელიმ პლატფორმას სანტიმეტრებით ააცილა თავი. მისი სამნახევარი ბრუნი 3.2 სირთულისა იყო, მაგრამ შეიქმნა სპორტსმენის სიცოცხლის საფრთხე, რომელიც მსაჯებმა უყურადღებოდ დატოვეს.

„მსაჯებო, თქვენი საქმე უნდა აკეთოთ. ამ დილით კი თქვენს მოვალეობებს თავი აარიდეთ. ეს სახიფათო ხტომა იყო. მისი თმა პლატფორმას შეეხო. ასეთი ნახტომისთვის მხტომელი უნდა დაეჯარიმებინათ. რას უყურებთ მაგ სკამებიდან? დაგავიწყდათ, რომ თქვენი ამოცანა სპორტსმენების უსაფრთხოებზე ზრუნვაც არის? მწვრთნელებო, თქვენ საითღა იყურებით?” — აღშფოთება ვერ დამალა 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილემ.

ბიჯინელიმ ნახტომისთვის საშუალო 41.60 ქულა მიიღო, მაგრამ ის არ დაუჯარიმებიათ.