პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული დღეები გრძელდება. ტატო გრიგალაშვილისა და ლაშა ბექაურის დაწყებული საქმე ილია სულამანიძემ გააგრძელა.
სამწუხაროდ, ფინალში ტყიბულელი ძიუდოისტი მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
სულამანიძე (100 კგ.) საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო.
23 წლის ფალავანმა იტალიელი ჯენარო პირელი 2 წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა. ჩვენებურმა მეორე გამარჯვება იაპონელ აარონ ვოლფთან მოიპოვა – თავიდანვე ვაზარით დაწინაურდა და საბოლოო გამარჯვებამდე იოლად მივიდა. ნახევარფინალში შვეიცარიელ დანიელ აიხთან გამარჯვების მოსაპოვებლად სულ 11 წამი დასჭირდა და ფინალში გავიდა ისე, რომ ოფლიც არ დაუღვრია.
სატიტულო ბრძოლაში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იყო. მთელი ჭიდაობის მანძილზე სულამანიძის უპირატესობა აშკარა იყო, ვაზარით იგებდა კიდეც, მაგრამ ბოლოს, 12 წამში ორი შიდო მიიღო, რაც ჯამში მესამე გამოვიდა და აზერბაიჯანელმა ძიუდიოსტმა არაფერში ოქრო წაიღო. ეს უფრო გამოუცდელობის ბრალი იყო.
ხვალ საქმეში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ჩაერთვება.