პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია.

ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0. გურული მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა. მეოთხედფინალში გამარჯვებით, ლაშა ოლიმპიურ მედალს გაინაღდებს. გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ.) კი, მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებს მერვედფინალიდან გამოეთიშა. ქართველი მოკრივის მეტოქე ტაჯიკი დავლატ ბოლტაევი იყო. მსაჯების გადაწყვეტილებით აზიელმა 3:2 იმარჯვა…

Lasha Guruli • ლაშა გურული • კრივი

ბრინჯაოსთან ახლოს იყო ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მაგრამ გზაზე მასპინძელი სარა ლეონ სისიკი გადაეღობა და ვერაფერი გააწყო. მანამდე ლიპარტელიანი იოლად გაუმკლავდა ბრიტანელ ლელე ნერნის და მერვედფინალში გავიდა, სადაც უზბეკ შუქურჯონ ამინოვას აჯობა. ჩვენებური მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც მონღოლი ენხრილენ ლხაგვატოგო კი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ სისიკთან დამარცხდა.

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) პარიზის ოლიმპიურ თამაშებს პირველივე წრეში გამოეთიშნენ. სარბიელზე გავიდა მოცურავე ნოე ფანცხავაც. 18 წლის სპორტსმენმა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში საკვალიფიკაციო ეტაპზე 56.46 წამი აჩვენა და გამოსვლა 41-ე ადგილით დაასრულა.

ხვალ ქართველთაგან ორ ძიუდოისტს ვიხილავთ – ტატო გრიგალაშვილსა (81 კგ.) და ეთერ ასკილაშვილს (63 კგ.).