2023/2024 წლების სეზონი ქართველი მორაგბეებისთვის საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა: ტოპ 14-ში „ვანი“ აღზევდა, რომლის შემადგენლობაში ქართველს უკვე მრავალი წელია არ უთამაშია. აღზევების შანსი ქართველებით სავსე „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ჯერ „ვანთან“ წააგეს ლიგის ფინალი, შემდეგ კი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან „მონპელიესთან“ დათმეს გადასასვლელი პლეი-ოფი.

ამასთან, ნასიონალ 1-ში სოსო ბეკოშვილისა და ლუკა აზარიაშვილის „რუანი“ დაქვეითდა და მის ნაცვლად პრო დ2-ში რეზო წიკლაურის „ნიცა“ ავიდა. მოკლედ, ამ ეტაპზე ლიგაში ჩვენი ლეგიონის რიცხობრივი კლება შეინიშნება. თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა, აქ კი სეზონის შედეგებს ვაჯამებთ.

ზოგადად მიჩნეულია, რო მ პრო დ2 ევროპაში სიძლიერით მეოთხე ლიგაა ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიპისა და უინაიტედ რაგბი ჩემპიონშიპის მერე. პრო დ2-ში ფაქტობრივად არ არსებობს კლუბი, რომლის ღირსებასაც რომელიმე ეროვნული ნაკრების წევრი არ იცავდეს. ეს ჩვენს ნაკრებსაც ეხება.

იგივე „გრენობლში“ არაერთი მოქმედი ბორჯღალოსანი ასპარეზობს, გასულ სეზონში ეროვნულ ნაკრებში წარმომადგენლობა „ორიაკს“, „ბიარიცს“, „ნევერს“ და სხვა კლუბებს ჰქონდა.

მთლიანობაში სეზონში 37-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის ყველაზე მეტმა – 10-მა კაცმა – „ორიაკის“ შემადგენლობაში.

ყველაზე მეტი მატჩი საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა სოსო ბეკოშვილმა ჩაატარა – 28. ყველაზე მეტი ლელო „გრენობლის“ ბორჯღალოსანი მეორეხაზელის, გიორგი ჯავახიას  ანგარიშზეა – 8! ყევლაზე ხანდაზმული ქართველი მორაგბე გასულ სეზონში „მონტობანის“ ბურჯი მირიან ბურდული იყო, ვინც 6 იანვარს 33 წლის გახდა და სეზონში 26 მატჩი ჩაატარა. ყველაზე ახალგაზრდა კი ლეგენდარული გოდერძი შველიძის ვაჟი გიორგი შველიძეა – „ბრივის“ შუამარბმა 8 მატჩში 2 ლელოც კი მიითვალა. უნიჭიერესი ჭაბუკი 21 წლის 26 ოქტომბერს გახდება. აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ორიაკისა“ და საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ 2 წითელი ბარათი მიიღო და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც მოიხადა. იმედია, ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი დისციპლინის მხრივ მოუმატებს, მით უმეტეს, რომ მომავალი სეზონიდან ის უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს – ტოპ 14-ის „ლიონში“.

ქვემოთ გთავაზობთგასულ სეზონში ქართველი ლეგიონერების მიერ დაფიქსირებულ სტატისტიკურ მონაცემებს:

ორიაკი (10): მიხეილ ალანია (24 მატჩი, 2 ლელო), ლუკა ნიორაძე (18 მატჩი, 3 ლელო), გიორგი ქართველიშვილი (17 მატჩი), ბექა შვანგირაძე (16 მატჩი, 6 ლელო), ირაკლი მჭედლიძე (12 მატჩი), ბასა ხონელიძე (8 მატჩი), ალექსანდრე ბურდული (6 მატჩი), დაჩი პაპუნაშვილი (6 მატჩი, 3 ჯარიმა), ლაშა მჭედლიძე (4 მატჩი), ნოდარ შენგელია (1 მატჩი).

გრენობლი (4): ლუკა გოგინავა (26 მატჩი, 2 ლელო), გიორგი ჯავახია (24 მატჩი, 8 ლელო), ირაკლი აფციაური (22 მატჩი, 1 ლელო), გიორგი მამაიაშვილი (1 მატჩი).

ნევერი (4): ილია კაიკაციშვილი (23 მატჩი), თორნიკე მატარაძე (18 მატჩი), ლადო ჩაჩანიძე (14 მატჩი), ლაშა ჯაიანი (4 მატჩი).

მონტობანი (4): მირიან ბურდული (26 მატჩი), ბადრი ალხაზაშვილი (14 მატჩი, 2 ლელო), ოთარ გიორგაძე (14 მატჩი), თედო აბჟანდაძე (8 მატჩი, 7 ჯარიმა, 7 გარდასახვა – 35 ქულა).

ბრივი (3): ვახტანგ აბდალაძე (15 მატჩი, 2 ლელო), გიორგი შველიძე (8 მატჩი, 2 ლელო), ვასილ ლობჟანიძე (3 მატჩი).

ანგულემი (3): ომარ ოდიშვილი (11 მატჩი), ირაკლი ცხადაძე (4 მატჩი), საბა ფესვიანიძე (3 მატჩი).

ბიარიცი (3): გიორგი ნუცუბიძე (17 მატჩი), თორნიკე ჯალაღონია (13 მატჩი, 3 ლელო), ლაშა ტაბიძე (11 მატჩი).

ბეზიე (2): გიორგი ახალაძე (20 მატჩი, 2 ლელო), ლუკა ჭელიძე (10 მატჩი, 1 ლელო).

რუანი (2): სოსო ბეკოშვილი (28 მატჩი), ლუკა აზარიაშვილი (10 მატჩი).

ვალანს რომანი (1): იოანე იაშაღაშვილი (26 მატჩი, 6 ლელო).

აჟენი (1): მამუკა მსტოიანი (6 მატჩი).