მორჩა, ყველაფერი ლოგიკურად მორჩა! ევროპის თასი ჩაიბარა გუნდმა, რომელმაც ეს ტიტული ყველაზე მეტად დაიმსახურა – ესპანეთის ნაკრები ხომ ევრო 2024-ზე მართლაც უკონკურენტო იყო. ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ, ისიც მასპინძელ გერმანელებთან დააყენეს ეჭვქვეშ, თუმც ის მატჩიც ისეთ მაღალ დონეზე ჩაატარეს, დამატებითი დროის ბოლო წუთზე მოგებაც ალალი იყო.

ფინალში, ცხადია, ფავორიტად ესპანეთი მიიჩნეოდა, მაგრამ ქაღალდზე დაწერილს აბა ვინ უყურებდა, როცა მეტოქედ დგას გუნდი, რომელსაც ინგლისი ჰქვია და ეს ინგლისი, მართალია იღბლის წყალობითაც, ზედიზედ მეორედ გავიდნენ სატიტულო მატჩის სათამაშოდ. ინგლისს ამჯერად გაუმართლა, თუმც გაუმართლა ანგარიშში, დიდი სხვაობით ვერ წააგეს.

გარეთ საუთგეითმა და მისმა გუნდმა თავიანთ თავს დააბრალონ, ასეთი ფეხბურთით გუნდი ჩემპიონი ვერ გახდება. ამდენი ვარსკვლავით მოჭედილი გუნდი ამგვარი უინტერესო და უფანტაზიო ფეხბურთით ფინალამდე როგორ გავიდა, ეგეც საკვირველი იყო.

აკი ვთქვით, ხშირად იღბალიც მათ მხარეს იყო.

ფინალი კი ფინალივით დაიწყო. დაძაბული, ნერვიული და ფრთხილი თამაშით. კარში პირველი დარტყმაც ტაიმის ბოლოს ვნახეთ – გაგიკვირდებათ და ინგლისმა დაარტყა. მოსახდენი კი შესვენების შემდეგ ორ წუთში მოხდა. ინგლისელებმა ფლანგზე უილიამსი უმეთვალყურეოდ რომ დატოვეს, მანაც ივარგა და აუღებლად დაარტყა. ინგლისი შეფუცხუნდა, ცოტა ტემპსაც უმატა, თუმც ესპანელების კონტრშეტევებიც ძალიან მწვავე იყო. საბოლოოდ შეცვლაზე შესულმა პალმერმა ივარგა, ერთადერთი ნათელი წერტილი ინგლისის ნაკრებში, რომელსაც საუთგეითი ოდენ შემცვლელად იყენებდა – მან საბილიარდო სიზუსტის დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

მატჩიც თითქოს მორიგი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, ესპანელებმა მეორე სიჩქარე რომ ჩართეს და შეუტიეს და შეუტიეს, რაც ბოლო ოიარსაბალის ლოგიკური და დამსახურებული გოლით დამთავრდა – 2:1. ბოლოს კი ესპანეთიც გადარჩა – ოლმომ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. თუმც ის დარტყმული რომც გასულიყო, ისეთი თამაში მიდიოდა, ესპანეთი მეტოქეს დამატებით დროში მაინც გატეხავდა. მოკლედ, ესპანეთმა ისტორიაში მეოთხედ იზეიმა კონტინენტის პირველობა, ყველაზე მეტჯერ…

და კიდევ: ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი როდრი დაასახელეს, საუკეთესო ახალგაზრდად ასევე ესპანელი, 17 წლის იამალი…

რაა გასაკვირი…