კუნთების ჯადოქარი კონტეს მეთოდის შესახებ

Home აქეთურ-იქითური კუნთების ჯადოქარი კონტეს მეთოდის შესახებ
კუნთების ჯადოქარი კონტეს მეთოდის შესახებ
Paolo Bertelli and Cesc Fabregas of Chelsea during a training session at the AOTI Stadium on July 20, 2017 in Beijing, China.
პაოლო ბერტელი და სესკ ფაბრეგასი „ჩელსიში”

პაოლო ბერტელი იტალიაში კუნთების ჯადოქრის სახელით არის ცნობილი. ფიზიკური მომზადების მწვრთნელს ფეხბურთში მრავალი წელი უმუშავია და სახელიც გაუთქვამს, როგორც მაღალი დონის სპეციალისტს. დღეს ის „სამპდორიაში” ანდრეა პირლოს ეხმარება. ბერტელის უმუშავია ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც არიან ლუჩანო სპალეტი, კლაუდიო რანიერი, რობერტო მანჩინი და ანტონიო კონტე, რომელიც როგორც „ნაპოლის” ახალი თავკაცი ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს. კონტემ და ბერტელიმ „იუვენტუსში”, „ჩელსისა” და იტალიის ნაკრებში შვიდი წელიწადი გაატარეს ერთად.

Fanpage.it-თვის მიცემულ ინტერვიუში ბერტელიმ კარგა ხანს ილაპარაკა „კონტეს მეთოდის” შესახებ. უპირველეს ყოვლისა მან ხაზი გაუსვა, რომ კონტე მეტისმეტად მომთხოვნი მწვრთნელია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ფიზიკურ მომზადებას ეხება. მისი მიდგომა ეფუძნება ძირეულ ფსიქოლოგიურ ასპექტს: სიმტკიცე ანუ სირთულეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და მატჩის მსვლელობისას წარმოშობილ გამოწვევებზე რეაგირება.

„კონტე თავდადებული ადამიანია. მან იცის როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს. მას მკაფიოდ გამოკვეთილი ხასიათი აქვს. ის მეტისმეტად მომთხოვნი პიროვნებაა, რომლის გარშემოც ვითარება კარგი გაგებით მუდამ დაძაბულია”, — განმარტა ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა.

ბერტელიმ გაიხსენა ანეკდოტური ამბავი, როდესაც აშშ-ში შეკრების დროს ძალიან მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის მიუხედავად მწვრთნელმა მაინც გაიყვანა ფეხბურთელები სავარჯიშოდ, რის გამოც ზოგიერთმა მათგანმა, თვით ალესანდრო მარტიმაც კი, მშრალი ყინული დაიდეს და ისე დარბოდნენ.

„არ დამავიწყდება, ერთ მომენტში კონტემ ანჯელო ალესიოსთან ერთად თავადაც გადაწყვიტა 150 მეტრის გარბენა და რომ დაბრუნდა გადამილაპარაკა: ბიჭები მართლები იყვნენ, დღეს მართლა ძალიან ცხელა”, — გაიხსენა ბერტელიმ.

კონტესთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება ერთმანეთზე გადაბმული ცნებებია. მისი მეთოდი მასტიმულირებელია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებასა და თავდადებასაც მოითხოვს. კონტეს მიზანია ფეხბურთელმა თამაშში გადაიტანოს ყველაფერი, რასაც კვირის განმავლობაში წვრთნის დროს აკეთებს.

ბერტელი: „მისი ვარჯიშები მაღალი ინტენსივობისაა: აგრესია და მეტი სირბილი წინ, ვიდრე უკან. და ყველაფერი ყოველთვის დამოკიდებულია შენს ხელთ არსებული ფეხბურთელების უნარებზე”.

ვრცელ ინტერვიუში ფიზიკური მომზადების სპეციალისტმა მწვრთნელები ერთმანეთს შეადარა. მან თქვა, რომ ყველას თავისი ხედვა და მეთოდი აქვს. ასე მაგალითად სპალეტის დრო სჭირდება და რაკი იტალიის ნაკრებში მას ასეთი დრო მიეცა, ბერტელი დარწმუნებულია, რომ შედეგს მიაღწევს.

„პირლო ფეხბურთელობის წლებში ყოველთვის მონდომებით ვარჯიშობდა, არასდროს წუწუნებდა, გასაკეთებელს ყოველთვის აკეთებდა. ახლა ის მწვრთნელია და მეტი საფიქრალი აქვს”, — განმარტა ბერტელიმ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.