Atalanta, Percassi rejects Napoli: "Gasperini? We'll see each other, I'm calm and serene"„ატალანტამ”, როგორც იტალიურ მედიაში ამოვიკითხეთ, ქალღმერთების დახმარებით 3:0 გაანადგურა „ლევერკუზენი” და უეფას ევროლიგა მოიგო. ეს გახლდათ გერმანული გუნდის პირველი მარცხი 51-თამაშიანი წაუგებელი სერიის შემდეგ. ტრიუმფის მერე „ატალანტას” პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ „სქაი სპორტს” მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლა უსაფუძვლო ჭორია და მეტი არაფერი.

„გიჟური მატჩი იყო. დაუჯერებელი რაღაც მოხდა. ოცნება აგვიხდა. მე დავინახე, თუ როგორ ვუყვარვართ ჩვენს გულშემატკივარს. ისინი ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ახლა ბერგამოში დავბრუნდებით, სადაც დიდებული ზეიმი გველის. მთელი ქალაქი მზად არის ქუჩებში გამოვიდეს. კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმიც კარგი იყო. დიდებული მატჩი გამოგვივიდა. საოცარ შედეგს მივაღწიეთ. ეს იყო რაღაც განსაკუთრებული და მოულოდნელი.

წლობით ვცდილობით ამ წარმატების მიღწევას, მაგრამ ხელმოცარულები ვრჩებოდით. ახლა გასპერინის წყალობით ისტორიაში შევედით. ყველაზე კარგი ის არის, რომ გუნდი მუდმივი განვითარების პროცესშია. ფეხბურთელებსაც კარგად ესმით, თუ რა მიზნები აქვს კლუბს და მოგვყვებიან. ჩემპიონთა ლიგა? ვნახოთ, შესაძლოა ასეთი მიზანიც დავისახოთ.

რაც შეეხება გასპერინის მომავალს, მე მას შევხვდები და ყველაფერზე დაველაპარაკები. მთავარია, რომ მშვიდად ვარ. გასპერინიში ეჭვი არასდროს შემპარვია, ასეთი რწმენა კი სამომავლო პროგრესის გარანტიაა”, — თქვა პერკასიმ.