Napoli players show their disappointment after the Serie A TIM match between SSC Napoli and Atalanta BC at Stadio Diego Armando Maradona on March 30,...ნეაპოლის პრესაში არ მთავრდება ჩივილი მიკერძოებულ მსაჯობაზე. „ნაპოლის” გულშემატკივრებს განსაკუთრებით ის აღიზიანებთ, რომ არბიტრებს, რომლებიც მათი გუნდის წინააღმდეგ ცდებიან, არავინ სჯის. napolipiu-მ დათვალა, რომ მსაჯებმა „აძურის” წინააღმდეგ თვრამეტჯერ შესცოდეს, მაგრამ საყვედურიც კი არ მიუღიათ, მაშინ როდესაც 2023 წლის 24 სექტემბერს ანუ მეხუთე ტურში ანდრეა კოლომბომ „სასუოლოსა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში მასპინძელი დომენიკო ბერარდი მოედნიდან არ გააგდო და ამის გამო ორთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

napolipiu იგონებს, რომ „იუვენტუსის” მხარდამჭერთა პროტესტი მთელი კვირა მძვინვარებდა, რის შედეგადაც კოლომბო სერია A-ს მხოლოდ მე-11 ტურში, „რომასა” და „ლეჩეს” შეხვედრაში დაბრუნდა. და რა მოხდა, როდესაც იგივე მსაჯი მიმდინარე სეზოდის მე-17 ტურში, „რომასა” და „ნაპოლის” შეხვედრაში (2:0) ნეაპოლელთა საზიანოდ შეცდა? მე-19 ტურში ის უკვე მოედანზე იყო და „ბოლონიასა” და „გენუას” მატჩს სჯიდა.

პორტალი ნეაპოლელ კოლეგებსაც მწარედ კბენს. ჩვენში ნაცვლად იმისა, რომ მიკერძოებული მსაჯები აკრიტიკონ, მწვრთნელებს ლანძღავენ, მეტოქეები და მათი მხარდამჭერი არბიტრები (მარიანი, მასა, დოვერი ან ოესატო) ერთად რატომ არ დაამარცხეთო, — უკმაყოფილოა napolipiu.

საიტი ამბობს, რომ პაირეტო, წინა ტურში „ნაპოლისა” და „ატალანტას” შეხვედრაში დაშვებული უხეში შეცდომების მიუხედავად, დღეს „კალიარისა” და იმავე „ატალანტას” მატჩში VAR-ს გაუძღვება. ეს მსაჯი 27-ე ტურში „კალიარისა” და „ნაპოლის” თამაშს სჯიდა, მაგრამ შეცდომების გამო არავის დაუსჯია — შემდეგ ტურში „მონცა” vs „რომას” VAR-ი ჩააბარეს, მერე კი „ბოლონიასა” და „ინტერის” შეხვედრაზეც დანიშნეს.

„წარმოიდგინეთ, რა გაუკეთა პაირეტომ „ნაპოლის” ოთხ დღეში: „კალიარისა” და „ატალანტასთან” „აძურიმ” მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, მაშინ როდესაც ნორმალური მსაჯობის პირობებში ორივე შეხვედრს იოლად მოიგებდა”, — წერს napolipiu და დასძენს:

„როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდებოდა „კალიარისა” და „ნაპოლის” მატჩი (1:1), მსაჯს სარდინიელი მოთამაშე მინა მოედნიდან რომ გაეძევებინა და „ნაპოლის” სასარგებლოდ პენალტი დაენიშნა? ანდა, რა მოხდებოდა „ნაპოლისა” და „ატალანტას” (0:3) შეხვედრაში, არბიტრს ბერგამოელთა პირველი ორი გოლი რომ არ ჩაეთვალა და 0:0-ზე სეად კოლოშინაცი რომ გაეგდო?”