წადი შე შავოს გაგრძელება

Home აქეთურ-იქითური წადი შე შავოს გაგრძელება
წადი შე შავოს გაგრძელება

Francesco Acerbi of FC Internazionale talks with Juan Jesus during the Serie A TIM match between FC Internazionale and SSC Napoli at Stadio Giuseppe...სანამ ქართველი გულშემატკივარი ნაკრების ევრო-შესარჩევი თამაშებით იყო გატაცებული და ისტორიაში პირველად დიდ შეჯიბრებაში გასვლას ზეიმობდა, ნეაპოლში, თუმცა არა მხოლოდ ნეაპოლში, არამედ მთელს იტალიაში, ჟუან ჟესუსისა და ფრანჩესკო აჩერბის საქმეს არჩევდნენ. მოგეხსენებათ, „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში მილანელმა ფეხბურთელმა აჩერბიმ „აძურის” ბრაზილიელ მცველ ჟუან ჟესუსს „ნიგერი” უწოდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. საქმე სპორტულმა სასამართლომ გაარჩია, მაგრამ მოსამართლის ვერდიქტმა საყოველთაო მრისხანების ახალი ტალღა გამოიწვია. „ნაპოლის” ვებ-საიტზე თავად ჟესუსმა ასე დაწერა:

„სპორტული მოსამართლის დასკვნა რამდენჯერმე დიდი სინანულით წავიკითხე. მისი თქმით არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ მე 17 მარტს, „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრის დროს რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გავხდი. ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს ვედრიქტი გაუგებრად მიმაჩნია. მან ჩემი გულისტკენა გამოიწვია. იმედგაცრუებული ვარ იმ საქმის გარჩევით, რომელშიც მე მხოლოდ იმაში ვარ დამნაშავე, რომ ჯენტლმენურად მოვიქეცი და მნიშვნელოვანი თამაში არ ჩავშალე, რაც მატჩის სანახავად მოსულ გულშემატკივარს უხერხულობას შეუქმნიდა. მე მჯეროდა, რომ ჩემი ასეთი საქციელი პატივისცემას გამოიწვევდა და სამაგალითო გახდებოდა. ახლა ისინი ვინც ჩემს დღეში ჩავარდებიან, სავარაუდოდ, სხვანაირად მოიქცევიან. ეს ხალხი სხვა გზით შეეცდება თავის დაცვას და იმ სამარცხვინო მოვლენის დასრულებას, რომელსაც რასიზმი ეწოდება. სპორტული მოსამართლის გადაწყვეტილებამ თავი დაცულად არ მაგრძნობინა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ვერდიქტი ორ ფაქტორს შორის არის მოქცეული: ერთი მხრივ წერია, რომ „კანონდარღვევის მტკიცებულებები აშკარად სახეზეა”, მეორე მხრივ კი არ ჩანს, რომ ის დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. ვერ გამიგია, როგორ არის ფრაზა „წადი შე შავო, შენ მხოლოდ და მხოლო ნიგერი ხარ”, ერთი მხრივ აშკარა კანონდარღვევა, მეორე მხრივ კი არ არის შეურაცხმყოფელი”.

შემდეგ ჟუან ჟესუსი წერს, რომ ინციდენტის გამო შეხვედრა 1 წუთის განმავლობაში შეწყდა. ის ყველას შეახსენებს, რომ აჩერბიმ მას ადგილზე მოუბოდიშა, მაგრამ მეორე დღეს ჩვენება რადიკალურად შეცვალა.

„ვშიშობ, რომ ჩვენ ვართ რასიზმის გამართლების სერიოზული პრეცედენტის წინაშე და ვიმედოვნებ, რომ ჩემთვის ამ სევდიან ისტორიას მთელი საფეხბურთო სამყარო სერიოზულად მიუდგება”, — ამბობს ჟესუსი.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.