შაბათს „ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო, ლა ლიგის ცხრილში 40 ქულა დააგროვა და… სეზონის დამთავრებამდე 11 ტურით ადრე შეიძლება ითქვას, რომ გავარდნას გადარჩენილია. საბოლოო შედეგი როგორი ექნება, ეს გამოჩნდება, ამჯერად კი plazadeportiva ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ გუნდმა შინ, „მესტალიაზე”, 14 შეხვედრა ჩაატარა და მათგან რვაში გოლი არ გაუშვა.
შესაძლოა გადარჩენის ხსენებამ ვინმეს ყური მოჭრა, მაგრამ მოდი გავიხსენოთ, რომ „ღამურებმა” გასულ სეზონში ლა ლიგაში ადგილი მხოლოდ ბოლო ტურშიღა შეინარჩუნეს და წლეულს გუნდის მთავარი ამოცანა სწორედ გადარჩენა იყო. „ვალენსიასთვის”, რომელიც წლიდან წლამდე ტიტულებისთვის თუ არა ევროპაზე გამსვლელი ადგილისთვის მაინც იბრძოდა, ასე დაცემა სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალობა და შეიძლება ითქვას, რომ ახალმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ამოცანას თავი გაართვა. მან კლუბის ხელმძღვანელების წინაშე გასული წლის 6 სექტემბერს ღიად ილაპარაკა — თქვა, რომ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ და ამ ეტაპზე რეალისტური ამოცანა დასახონ: წარმატებად მიიჩნიონ ის, თუკი გუნდი ერთი წლის წინანდელ დღეში აღარ აღმოჩნდება და მერე წინსვლაზეც შეიძლება ლაპარაკი.
ბოლო ტურში „ხეტაფეს” დამარცხებამ „ღამურებს” გადაალახინა ის სტატისტიკური რუბიკონი, რომელიც ჩემპიონატის დამთავრებამდე 11 ტურით ადრე ჩვეულებრივ დარჩენას ნიშნავს.
plazadeportiva წერს, რომ „ვალენსიას” შედეგი დაცვის ადრინდელზე უკეთესი თამაშით არის განპირობებული, რომლის ქვაკუთხედიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია. მან „ხეტაფესთან” სამი ქულის მოპოვებაში ოთხი ბრწყინვალე მოგერიებით გადამწყვეტი როლი ითამაშა.
იმას, რომ „ვალენსია” გაყოჩაღდა, სტატისტიკაც ადასტურებს. გასულ სეზონში „მესტალიაზე” გუნდმა 6 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი; „ჩეებს” იგივე შედეგი ჰქონდათ 2021-22 წლების სეზონში, 2020-21 წლების ჩემპიონატში კი „მშრალად” მხოლოდ სამ შეხვედრაში დატოვეს მოედანი.
შინ რვა „მშრალი თამაში” 2017-18 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო შედეგია. არადა, 2017-18 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავიდა. წლეულს „ღამურებს” შინ კიდევ 5 თამაში დარჩათ და ბუნებრივია ექვსი წლის წინანდელი შედეგის გაუმჯობესება შეუძლიათ.
2024-15 წლების სეზონში, ნუნუ ესპირიტუ სანტოს დროს, „ვალენსიამ” 10 საშინაო შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, რაც ბოლო დეკადის რეკორდია.
plazadeportiva-ს ცნობით, „ხეტაფესთან” გამარჯვების შემდეგ „ღამურების” გასახდელში ფეხბურთელები ევროპულ სარბიელზე გასვლაზე ალაპარაკდნენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
