მსოფლიოს ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ვეიკ ან ზეში, Tata Steel Chess სუპერტურნირის გამარჯვებული გახდა.
კლასიკური დროის კონტროლით 13 ტურის გათამაშების შემდეგ პირველ ადგილზე 9-9 ქულით ნორვეგიელი და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდოელი ანიშ გირი გავიდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დაინიშნა და იქ ფავორიტად მაგნუსი იყო მიჩნეული, რომელიც სწრაფ ჭადრაკშიც საუკეთესოა დედამიწის ზურგზე.
პირველ სწრაფ პარტიაში კარლსენს თეთრები ერგო, რომელმაც დებიუტში ცენტრზე ზეწოლა აირჩია. გირიც აქტიური იყო და მეტოქეებმა ფიგურების ნაწილი საკმაოდ სწრაფად გაცვალეს. 47-ე სვლაზე კარლსენმა თეთრ პაიკს კუთი ზურგიდან დაარტყა, ხარისხი მოიგო და 8 სვლის შემდეგ პარტიაც.
მეორე პარტიაში კარლსენი ძირითადად თავს იცავდა, გირის შეტევებს ყოჩაღად გაუმკლავდა და 38-ე სვლაზე სასურველ ყაიმს გამორჩა. საბოლოო ანგარიშია 1,5:0,5 კარლსენის სასარგებლოდ და მორიგი ტიტულიც ნორვეგიელის ყულაბაშია. ნახსენებ ყულაბაში ვეიკ ან ზეს სუპერტურნირის ექვგზის მოგება გახლავთ შენახული, რაც ტურნირის რეკორდსაც წარმოადგენს და ვიშვანათან ანანდის ხუთგზის მოგებას აღემატება.

ტურნირის საბოლოო ცხრილი

1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 9
2. ანიშ გირი (ჰოლანდია) – 9
3. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 8,5
4. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 8,5
5. უესლი სო (აშშ) – 8
6. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 8
7. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 7,5
8. პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – 6
9. ვეი ი (ჩინეთი) – 5,5
10. გავეინ ჯონსი (ინგლისი) – 5
11. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 5
12. მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი) – 5
13. ბაშკარან ადიბანი (ინდოეთი) – 3,5
14. ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 2,5