გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” 1:2 წააგო. ქართველ მეკარეს ვერავინ დაემდურება, მან თავისი წილი კარგად ითამაშა, რამდენიმე ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას გაართვა თავი, მთლიანობაში კი გუნდს ხარისხიან ფეხბურთამდე ბევრი აკლია.

როგორც გაირკვა ეს იყო 2023 წლის თებერვლის ანუ მწვრთნელის თანამდებობაზე რუბენ ბარახას დანიშვნის შემდეგ პირველი თამაში, როდესაც „ღამურებმა” ანგარიში გახსნეს, მაგრამ მაინც წააგეს. აქამდე მეტოქემ დაწინაურებულ „ვალენსიას” სამ შემთხვევაში არ მოაგებინა, მაგრამ ის მატჩები ფრედ დამთავრდა: მიმდინარე სეზონში სტუმრად „ბილბაოსთან” და „ალმერიასთან” და გასულ სეზონში შინ „ესპანიოლთან” (სამივე 2:2).

ჟირონაში ანგარიში 56-ე წუთზე უგო დურომ გახსნა, 82-ე და 88-ე წუთებზე კი ურუგვაელმა კრისტიან სტუანიმ გამარჯვება „ჟირონას” მოუტანა.

ვალიადოლიდელმა მწვრთნელმა „ვალენსია” 19 თებერვალს ჩაიბარა და პირველი შეხვედრა „ხეტაფესთან” 0:1 წააგო, მას მერე კი გუნდს 32 მატჩში გაუძღვა. მათგან ბარახამ 11 მოიგო, 8 ფრედ ითამაშა და 13 წააგო.

„ჟირონამდე” ბოლო შეხვედრა, რომელშიც „ჩეები” დაწინაურდნენ და მაინც წააგეს ჯენარო გატუზოს მწვრთნელობის დროს იყო, „ვილიარეალთან”. მაშინ ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა, მაგრამ მეტოქემ ორი გოლით უპასუხა.