„ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ვიქტორ ოსიმენი მე-8 ადგილზე გავიდა, რაც თავად ნიგერიელისთვის ხომ უდიდესი მიღწევაა და ასევეა „ნაპოლისთვისაც”. „პარტენოპეელი” ფეხბურთელი „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში ასეთ მაღალ პოზიციაზე არასდროს ყოფილა. გასულ სეზონში ოსიმენმა ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში მოიგო სკუდეტო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 26 გოლით გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და იტალიის ლიგის საუკეთესო თავდამსხმელადაც დაასახელეს.

„აძურის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ოცდაათეულში მოხვდა, როგორც ვიცით არის ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო რაც შეეხება სამხრეთ კორეელ კიმს, ის 22-ე ადგილზე გავიდა. კიმი ოფიციალურად იწერება, როგორც „ნაპოლისა” და „ბაიერნის” მოთამაშე, თუმცა ეჭვი არ არის მან ხმები ხვიჩას და ოსიმენის მხარდამხარ თამაშისთვის მიიღო. მიუნხენში გადასვლის შემდეგ კორეელს თავი დიდად არ გამოუჩენია და დროგამოშვებით მისი კრიტიკაც კი ისმის.

ის ფაქტი, რომ იტალიის 2022-23 წლების ჩემპიონის სამი ფეხბურთელი „ფრანს ფუტბოლის” მიერ გამოქვეყნებულ ოცდაათ კაცში მოხვდა, მკაფიოდ მიუთითებს ლუჩანო სპალეტის გუნდის ძალაზე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს „ფრანს ფუტბოლმა” ხმის მიცემის წესები შეცვალა. უწინდელისგან განსხვავებით ჯილდოვდება არა კალენდარული წლის, არამედ საფეხბურთო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მეორეც, ხმის მიცემის უფლება აქვს ფიფას რეიტინგის პირველ ასეულში შემავალი ქვეყნების ჟურნალისტებს. საქართველო რეიტინგში 76-ე ადგილზეა, ხოლო გამოკითხვაში მონაწილეობა ტრადიციულად „სარბიელის” გამომცემელმა ზურაბ ფოცხვერიამ მიიღო.