ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფში, სევილიაში ესპანეთმა შოტლანდიას 2:0 მოუგო, მაგრამ მე-60 წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, სქოთებს გოლი გაუუქმეს. ეს VAR-ის დახმარებით გადაწყდა, მაგრამ ვინ იცის რა მოხდებოდა საფინალო სასტვენამდე 30 წუთით ადრე ბრიტანელებს ერთგოლიანი უპირატესობა რომ მოეპოვებინათ.

გოლი, რომლის ვიდეოჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ, სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. მსაჯის გადაწყვეტილება კი იმდენად საეჭვო იყო, რომ ესპანელებსაც კი გამართლების ძებნა მოუხდათ. ასე მაგალითად, ყოფილმა მსაჯმა ალფონსო პერეს ბურულმა „ რადიო მარკას” გადაცემა  „მარკადოში” თქვა: „VAR-ი გოლს იმიტომ აუქმებდა, რომ ჯეკ ჰენდრიმ მეკარე უნაი სიმონის წინააღმდეგ წესი დაარღვია, მაგრამ მე ყურადღებას ჯარიმაზე კი არა, თამაშგარე მდგომარეობაზე გავამახვილებდი. ჰენდრი თავისი პოზიციით სიმონს მანევრში უშლიდა ხელს”.

საბოლოოდ, ოქმში ოფსაიდი დააფიქსირა.

„სანმა” კი მკვახე-მკვახე სიტყვები არ დაიშურა: „ხარებთან ბრძოლით ცნობილ ქალაქში დიდი ნეხვი ვნახეთ. სევილიელ მატადორებს წარმოდგენაც არ აქვთ, როგორც გაძარცვა ნიდერლანდელმა მსაჯმა სერდარ გოზუბუიუკმა შოტლანდია. მისი გადაწყვეტილება, არ ჩაეთვალა მაკტომინეის ჯადოსნური გოლი, სამარცხვინო იყო. თავიდან თქვეს, რომ ჯარიმას ამოწმებდნენ, შემდეგ კი ოფსაიდი მოიმიზეზეს. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მსაჯები მიზეზებს გზადაგზა ეძებდნენ. გაჩნდა ეჭვი, რომ უეფა ყველა ღონეს ხმარობს, რათა დიდი ქვეყნები გაისად გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ჩავიდნენ”.

ესპანელთაგან გოლები 73-ე წუთზე ალვარო მორატამ, ხოლო 86-ე წუთზე ოიჰან სანსეტმა გაიტანეს.