უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს, 10 ოქტომბერს, გააუქმა გადაწყვეტილება რუსეთის ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნებართვის შესახებ.
უეფამ განაცხადა, რომ „ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც რუსულ გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა, ვერ მოიძებნა“.
26 სექტემბერს უეფამ ნება დართო რუსეთის 17 წლამდელთა ნაკრებს მისი ეგიდით ეასპარეზა. მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე დროშისა და ჰიმნის გამოყენების გარეშე უნდა ჩატარებულიყო.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინამ, ინგლისმა, პოლონეთმა, ლატვიამ, შვედეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და ლიეტუვამ უარი განაცხადეს რუსების მონაწილეობით შეჯიბრებებზე თამაშზე.
შეგახსენებთ, ამას წინათ უეფამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო – რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები (ვაჟთა და ქალთა) საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: „უეფა იყო პირველი სპორტული ორგანიზაცია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა და 2022 წლის თებერვალშივე მიიღო შესაბამისი ზომები, ჩამოაშორა რა ყველა რუსული გუნდი თავის შეჯიბრებებს, გააუქმა რუსეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიება – უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში, უეფა-ს სუპეთასის მატჩი ყაზანში და გაწყვიტა სპონსორული კონტრაქტი „გაზპრომთან“. თუმცა, უეფა იაზრებს იმასაც, რომ იმ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრებათ, ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ. სამწუხაროა, რომ გახანგრძლივებული კონფლიქტის გამო, არასრულწლოვანი თაობა საერთაშორისო ფეხბურთში გამოსვლის უფლებას მოკლებულია. შედეგად, აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის არასრულწლოვანი ფეხბურთელების გუნდები ამ სეზონშივე იყვნენ დაშვებული შესაბამის ტურნირებში. რუსული გუნდების ყველა მატჩი უნდა ჩატარდეს ქვეყნის დროშის, ჰიმნის, ნაციონალური ფორმის გარეშე და არა რუსეთის ტერიტორიაზე. აღმასკომი კვლავაც გმობის რუსეთის უკანონო ომს და ადასტურებს, რომ რუსეთის სხვა ყველა გუნდის (კლუბები და ნაკრებები) დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე“, – წერია უეფა-ს ვებგვერდზე.
აღმასკომის წევრებს შორის გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ იყო. რუსების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების წინააღმდეგ წავიდნენ უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტები – დევიდ გილი და ლაურა მაკალისტერი, ასევე ზბიგნევ ბონეკი. როგორც ჩანს, აღმასკომში მომხრეები უფრო მეტნი იყვნენ და გადაწყვეტილება გავიდა… თუმცა, აქ უკვე საქმეში ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციები ჩაერივნენ. პირველი ვინც რუსებთან თამაშზე უარი თქვა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იყო. ცხადია, იქვე გააკეთა განცხადება უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ. მერე თანმიმდევრულად – პოლონეთი, ლატვია, შვედეთი, დანია, ლიეტუვა, ნორვეგია და სხვები… ეს ქვეყნები რუსებთან თამაშის წინააღმდეგნი იქნებოდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ უეფა სანქციებს დაადებს. ცხადია, ეს არც უეფას აწყობდა.ნებისმიერი ევროპული ტურნირი, ამ ქვეყნების გარეშე და რუსეთთან ერთად, ცხადია, ბევრად წამგებიანი იქნებოდაა. რუსი ახალგაზრდების საერთაშორისო სარბიელზე დაშვების მოწინააღმდეგე ქვეყნებისა და აღმასკომის წევრების ვინაობას უკვე გაეცნობოდით.
აქ მივადექით კიდევ ერთ საინტერესო დეტალს: ხომ იცით, უეფას აღმასკომის წევრია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც…
ახლა მარტივი კითხვა: რომელ ბანაკში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მომხრეებში თუ მოწინააღმდეგეებში ???
ცხადია, ამავე კითხვით მივმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც, საიდანაც, ცოტა არ იყოს უცნაურად გვიპასუხეს: უეფას აღმასკომის აღნიშნულ სხდომაზე გადაწყვეტილება ისე მიიღეს, ხმის მიცემის პროცედურა არ ჩატარებულა, ასე გადაწყვიტეს და მორჩა…
აღმასკომის სხდომაზე კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას ხმის მიცემა არ ყოფილაო… მაშ, ადგა პრეზიდენტი ჩეფერინი, ჩაქუჩი დაარტყა და… მაშ, რის წინააღმდეგ წავიდნენ უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტები – დევიდ გილი და ლაურა მაკალისტერი, ზბიგნევ ბონეკი და სხვები ?!
უეფა, ჯერჯერობით დამატებით კომენტარს არ აკეთებს … არც სფფ …
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
