საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
5 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უკვე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ნაკრებს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს.
მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.
„რთული თამაშები გველოდება. ჯგუფის ორ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. სასიამოვნოა, რომ ესპანეთთან მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც ყოველთვის განსხვავებული მუხტი იგრძნობა გულშემატკივრისგან. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით სასურველ შედეგს მივაღწევთ“.
შეგხსენებთ, რომ სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ორ მატჩს გამართავს – „ჯვაროსნები“ 8სექტემბერს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებენ 12-ში კი სტუმრად ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.