„ტორინოს” ახალწვეულმა საბა საზონოვმა (დაიბადა 2002 წლის 1 თებერვალს; სიმაღლე 194 სანტიმეტრი; ტრანსფერის ღირებულება 3 მილიონი ევრო; „ტორინოსთან” კონტრაქტი გააფორმა 2027 წლამდე)  „ტორინო ჩენალის” მიკროფონებთან საკუთარ თავზე ილაპარაკა:

„ბოლოხანს დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ მოსკოვის „დინამოში” ვვარჯიშობდი და აი, უკვე ტურინში ვარ. ბევრი შემოთავაზება მქონდა. აქ ჩამოსვლას მამას ვუმადლი. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, შედეგად კი „ტორინოს” ფეხბურთელი ვარ, რაც ძალიან მახარებს.

დაცვაში აგრესიულად თამაში მირჩევნია, თუმცა არც ბურთით თამაშს გავურბივარ. გულშემატკივრები მნახავენ მოედანზე და დასკვნას თავად გამოიტანენ. გოლის გატანა თუ მიყვარს? ვის არ უყვარს… როგორც გითხარით ცენტრალური მცველი ვარ და ამიტომ ჩემთვის გოლის გატანა კუთხურიდან ყველაზე მოსახერხებელია. პოზიციიდან გამომდინარე თამაშის მსვლელობისას პირად ინიციატივას ვერ გამოვიჩენ, მაგრამ, როდესაც შესაძლებლობა მეძლევა, ვსარგებლობ და თანაგუნდელებთან ერთად ვხარობ”.

იტალიურ ფეხბურთზე: „ვარ თუ არა მზად იტალიური ფეხბურთისთვის? რასაკვირველია მზად ვარ. ვიცი, რომ იტალიურ ფეხბურთში ტაქტიკა უმთავრესია. ამის შესახებ მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი. ჩემთვის, როგორც ცენტრალური მცველისთვის, იტალიური გარემო ოსტატობის ასამაღლებლად საუკეთესოა. რუსეთში ბევრს დავრბოდით. იმედია, კარიერაში ამ ნახტომს კარგად გავართმევ თავს”.

იტალიაში მოთამაშე ქართველებზე: „მე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში კვარაცხელიასთან ერთად მითამაშია. ის ჩინებული ფეხბურთელია და დიდ გუნდში გამოდის, მაგრამ „ტორინოც” დიდი კლუბია და მოედანზე ერთმანეთს შევებრძოლებით”.

თხუთმეტნომრიან მაისურზე: „15 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ მოსკოვის „დინამოშიც” ამ ნომრით ვთამაშობდი. რასაკვირველია, მთავარი ზურგზე დაწერილი გვარია, მაგრამ რიცხვი 15 ნამდვილად მიყვარს”.