შაბათს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პლანეტის ერთ-ერთ საკულტო სარაგბო არენაზე უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგის დიდებულ „მარიფილდზე“ ბორჯღალოსნები საოცარ ფორმაში მყოფ მასპინძლებს დაუპირისპირდებიან და ეს იქნება ბოლო, გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე.

ის, რომ დღევანდელი „ნარშავები“ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენენ, ყველასთვის ნათელია. მარტო „ექვსი ერის“ ბოლო ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასვლა რად ღირს, მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდში კი გრეგორ თაუნსენდის რაზმმა ჯერ იტალია დაამარცხა, მერე – საფრანგეთი, ტომელიც მომავალ მსოფლიო თასზე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად განიხილება. მართალია, ორი კვირის წინ, უკვე საფრანგეთში საპასუხი ვიზიტისას, შოტლანდიის ნაკრები იგივე ფრანგებთან მაინც დამარცხდა, მაგრამ მხოლოდ 27:30, თანაც ბოლო წუთზე ფრანგების მიერ გატანილი ჯარიმის ხარჯზე. აი, ასეთი შედეგები აქვს ბოლო დროს ქართველთა ბოლო გამომცდელს. შედეგები შედეგებად, მაგრამ საკუთრივ თამაშის ხარისხიც უმაღლესი სინჯისა აქვთ. ამდენად, სულაც არ იქნება გადაჭარბებული, თუ „ნარშავებს“ მსოფლიო თასის მოგების პრეტენდენტთა შორთ-ლისთში ჩავწერთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხუთივე წინა დაპირისპირება ბრიტანელებმა მოიგეს, მაგრამ, თაუნსენდმა თქვა, ქართველების პროგრესის გათვალისწინებით, თავს ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ პირველი გუნდით არ დავუპირისპირდეთ.

ეს განცხადება ერთობ აბსტრაქტულია, იმიტომ რომ დიდი ალბათობით სქოთთა თავკაცი ჯერაც არაა ჩამოყალიბებული, თუ ვინაა პირველი გუნდის წევრი, ვინ მეორესი და ვინ მესამე შემადგენლობაში დარჩება. ეს დაყოფა პირობითია, რადგან ამ გუნდში უდიდესი კონკურენცია თითქმის ყველა პოზიციაზეა.

მაგრამ ფრიად სასიამოვნო ამბავი ისიცაა, რომ თითქმის ანალოგიურ მდგომარეობაში ჩვენი ლევან მაისაშვილიც აღმოჩნდა. მართალია, მისი გაფართოებული რაზმი რიცხობრივად მინიმალური იყო და ასე სტაფს გაუიოლდა კონკრეტულ ამოცანებზე მუშაობა. ფაქტი კი ისაა, რომ ასეთი სიღრმეები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში აქამდე არასდროს ყოფილა.

„მარიფილდზე“ მატჩი უმნიშვნელოვანესია ამ თვალსაზრისით. ალბათ ამ თამაშის შემდეგ, უკვე საფრანგეთის შეკრებაზე მაისაშვილი მალევე გამოაცხადებს სამსოფლიოთასო შემადგენლობას.

შაბათს კი დიდი რაგბი გველის. შოტლანდია ხომ საოცარ ფორმაშია, მაგრამ საყოველთაო აღიარებით, საქართველოც არნახულად ძლიერია. „მარიფილდზე“ დიდი ჯახი იქნება, მთავარია, ბიჭებმა ტრავმები აიცილონ თავიდან.

განაცხადში ერთი სიახლეა – ნაკრებს დაემატა „შავი ლომის“ მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი. დანარჩენი კი მწვრთნელებმა და როტაციამ დაალაგა.

ნაკრების ვეტერანი კვაჭი შალვა მამუკაშვილი ეროვნული ნაკრების კვართით კარიერაში მე-100 მატჩს ჩაატარებს და ცენტურიონთა სახელოვან კოჰორტას შეუერთდება, რომელშიც დღემდე 5 ქართველი იყო გაწევრიანებული – მერაბ კვირიკაშვილი, დავით კაჭარავა, გიორგი ჩხაიძე, ალექსანდრე თოდუა და ლაშა მალაღურაძე. „შადრეს“ ამ მარაქაში გარევას მატჩის შემდეგ მივულოცავთ, ახლა კი მასაც და მის გუნდსაც გამარჯვებას ვუსურვებთ. დიახ, ეს გუნდი ნაკლებზე ყაბულს არ იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში:

1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, 72კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 99, 70), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონნი, 35, 15), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 12, 5), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 83, 15), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 6, 0), 7. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 20, 25), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 23, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 77, 78), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 9, 65), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 24, 45), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 95, 85),13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 27, 10), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 30, 145), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 22, 48).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 3, 0), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 38, 10), 18. გურამ პაპიძე (პო, 11, 10), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 18, 0) , 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 5, 0), 21. გელა აფრასიძე (ბაიონი, 47, 35), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 42, 333), 23. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 47, 25).