სახელბურთო ევრო-2018-ის მეორე ტურზე საუბრის ბოლოდან დაწყება ეგების: D ჯგუფში ჩეხეთმა დანია დასცა. ესპანელ გრანდებთან 17-ბურთიანი ფიასკოს შემდეგ ჩეხებზე ხელის ჩაქნევა უპრიანი იქნებოდა. წინაპარი ჩეხოსლოვაკია სხვა არის: 1954-1967 წლებში ამ ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ხარისხის ხუთი მედალი მოიპოვა, ხოლო 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედალი წამოიღო. სახელიდან “სლოვაკის” ამოღებამ ავნო თუ რა არის, 1993 წლიდან მოყოლებული, ჩეხური ხელბურთი ბორძიკით დადის. ფინალურ ეტაპებზე მუდმივად მოხვედრის მიუხედავად, მერვე ადგილი სლავების დღემდე საუკეთესო შედეგი გახლავთ. წუხელ კი ინებეთ: მეკარე მარტინ გალიას (17 სეივი) და კომპანიის გმირობის წყალობით ოლიმპიური ჩემპიონები დაბღვერილები გაუდგნეს გასახდელის გზას. ჩეხთა გამარჯვებას დიდი მორალური, მაგრამ მცირე პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. პირველი ჯგუფური ტურნირის შემდეგ (4 ჯგუფი 4-4 ნაკრებით) მეორე ჯგუფურ ტურნირში ორი ჯგუფი დაკომპლექტდება პირველი ტურნირის საუკეთესო სამეულებით (ანუ თითოში ექვსი ნაკრები მოხვდება). დანიას, წაგების მიუხედავად, მინიმუმ მესამე ადგილი გარანტირებული აქვს და ჩეხები მომდევნო ეტაპზე გასასვლელ ბოლო ადგილს პირველი რაუნდის ბოლო ტურში მეზობელ უნგრელებთან გაითამაშებენ, რომლებიც გუშინ ესპანელებთან ღირსეულად იბრძოდნენ, მაგრამ ძალამ აღმართი ხნა: 25:27

მარტინ გალიამ ჩეხეთის ნაკრებს ჩასახუტებელი სამსახური გაუწია. ფოტო: cro2018.ehf-euro.com

მშობლიური ტრიბუნების გრიალში ხორვატიამ მეორე გამარჯვება მიითვალა. შვედებთან გამარჯვებულ ისლანდიის ნაკრებს თამაშის ჟინი ბალკანელებთან თამაშშიც გადაყვა, მაგრამ კლასი კლასია – 29:22. A ჯგუფშივე სერბეთმა ვერ გაუძლო პირველ ტურში დაუგეგმავი წაგებით გაფიცხებულ შვედეთს – 25:30 და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კიდევ უფრო შეეკვეცა.

B ჯგუფში ფრანგებმა თვითონაც ითამაშეს, ავსტრიელებიც ათამაშეს და 33:26 ისე მოიგეს, რომ 4-5 ბურთზე ახლოს მეტოქე ერთხელაც არ გაუკარებიათ. გამარჯვებული სიხარულით არ გაგიჟებულა, დამარცხებულმა ფლეგმატურად მიაშურა გასახდელს – ასეთი მშვიდობიანი და უემოციო თამაში გამოვიდა. იქვე ნორვეგიამ ხუთი ბურთით გაუსწრო ბელარუსს – 33:28

ევრო-2018-ის პირველი და ფრიად გასაკვირი ფრე C ჯგუფში დაფიქსირდა, სადაც გერმანია სლოვენიას ვერ გადაახტა. მეტიც, რომ არა სლოვენთა გაუაზრებელი ქცევა ბოლო წამებზე, გამარჯვებაც მათი იყო. მატჩის დასრულებამდე 90 წამით ადრე სლოვენია წინ გავიდა, მაგრამ 59:48-ზე გერმანელებმა გაათანაბრეს. ამას მოჰყვა სლავთა ელვისებური კონტრშეტევა და გმირული გოლი მატჩის დასრულებამდე ექვსი წამით ადრე, რის შემდეგაც მავანმა სლოვენმა მოთამაშეებმა ნაადრევად იწყეს მაისურთა შემოძარცვა და გამარჯვების ზეიმი. თამაშის ზედ ბოლო წამებზე, ცენტრიდან ბურთის გათამაშებისას გერმანელებმა მცირე სპორტული პროვოკაცია მოაწყვეს, რომლის შედეგაც მსაჯმა სლოვენ ბლაზ ბლაგოტინსეკს წითელი ბარათი “უბოძა”, ხოლო ტობიას რაიხმანმა შედეგად დანიშნული 7-მეტრიანი ზუსტად ააცილა მეკარეს და მოახვედრა კარში – 25:25. სლოვენთა ოფიციალური პროტესტი ყურად არ იღეს.

იმავე ჯგუფში პირველი ტურის სირცხვილნაჭამი მონტენეგრო ამჯერად ჯიგრულად ებრძოლა მაკედონიას და მხოლოდ ერთი ბურთით დათმო თამაში – 28:29.