კვირას „ნაპოლი” ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს შინ, „დიეგო მარადონაზე”, „სასუოლოს” წინააღმდეგ. ეს იქნება სერია A-ს მეორე ტურის მატჩი. პირველში იტალიის ჩემპიონმა სტუმრად, ლიგაში ახალაღზევებულ „ფროზინონეს” 3:1 მოუგო.
გუშინ, კონამის საწვრთნელ ცენტრში გუნდი ჯერ დარბაზში, შემდეგ კი მოედანზე გახურდა, მერე ტექნიკაზე იმუშავა და ბოლოს ჩატარდა ტაქტიკური, თამატური ვარჯიშები პატარა კარებში. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლის” წინა შეხვედრაში აკლდა, ხვიჩა კვარაცხელია და ჯანლუკა გაეტანო, მთელი ვარჯიშის განმავლობაში გუნდთან ერთად იყვნენ და სრულად დაიტვირთნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია „სასუოლოსთან” შეხვედრაში ითამაშებს.
გუშინვე ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” დაწერა, რომ ქართველი გარემარბის მხარე ფეხბურთელის წლიური ხელფასის 6 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს. ეს ორჯერ მეტია იმ თანხაზე, რომლის გადახდასაც „ნაპოლი” აპირებდა.
ივლისის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით პრემიერლიგის „ნიუკასლ იუნაიტედი” იყო დაინტერესებული, მაგრამ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა უარი თქვა, რადგან როგორც იტალიური პრესა წერს, ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც ის „აძურის” დატოვებს, „რეალია”. „ილ მატინო” წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას მხარე „ნაპოლისთვის” დიდ ხელფასს ითხოვს, მოლაპარაკებების პროცესში დაძაბულობა არ შეინიშნება.