მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ „ნაპოლის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მოუბოდიშა. გეხსომებათ, რომ ჯიუფრედი დე ლაურენტისს მწარედ დაესხა თავს და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მის კლიენტს პატივს არ სცემს, შემდეგ კი „ნაპოლიმ” პორტუგალიელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
აგენტმა TvPlay-ს კამერების წინაშე განაცხადა: „დე ლაურენტისს აზრი ჩემი ინტერვიუს გამო ნამდვილად არ შეუცვლია. მან მარიო რუის კონტრაქტი ჩემ გამო არ განუახლა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ასე მიაჩნდა სწორად და თავის სიტყვას უერთგულა.
შესაძლოა „ნაპოლი” მართლა წელავდა დროს, მაგრამ ამას მარიო რუის გამო კი არ აკეთებდა, არამედ მიზეზი სხვა იყო. საბოლოოდ დე ლაურენტისმა სიტყვა შეასრულადა ჩემს კლიენტს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა.
ჩემი პროფესიის ხალხი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს. მათ თავიანთი ფეხბურთელების განცდები გადაედებათ ხოლმე. პირადად მე მუდამ სტრესის ქვეშ ვარ, ამიტომ ხანდახან შეიძლება რაღაც ისე არ ვთქვა ან მომენტისთვის შეუსაბამო სიტყვები წამომცდეს. მაგრამ ეს სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანის ნათქვამია.
იმ ინტერვიუში მე ზედმეტი მომივიდა. რაღაცები სწორად ვერ გავიგე, მაგრამ ეს ჩემი სტრატეგიული გეგმა არ ყოფილა. მე არც „ნაპოლიზე” მინდოდა ცუდად ლაპარაკი. დე ლაურენტისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, უბრალოდ სატრანსფერო ბაზრის გამო სტრესის ქვეშ ვიყავი. ბაზარში ხანდახან ისეთი სიტუაციები იქმნება, რომ დაძაბულობას ჩარჩოებს გარეთ გავყავართ.
სწორედ ამიტომ მინდა საჯარო ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ დე ლაურენტისს და დოქტორ კიაველის, რომელიც ჩემმა ინტერვიუმ დააზარალა. აშკარაა, უფრო მშვიდად რომ მელაპარაკა ასეთი რამ არ მოხდებოდა. მსურს ბოდიში მოვიხადო”.