„მანჩესტერ სიტიმ” ათენში სეზონის პირველი ჯილდო მოიგო. ეს ჯილდო ევროპის სუპერთასია. არადა, შესვენებამდე იუსეფ ენ ნასირიმ სევილიელები დააწინაურა. ეს ის ენ ნასირია, რომელმაც „სიტისთან” შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე, ლა ლიგის პირველ ტურში, „ვალენსიას”, კერძოდ გიორგი მამარდაშვილსაც გაუტანა გოლი, თუმცა „სევილიამ” ის შეხვედრა 1:2 წააგო.
შესვენების შემდეგ კოულ პალმერმა ანგარიში გაათანაბრა. ეს კი ის კოულ პალმერია, რომელმაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ბათუმში, ესპანელებთან ჩინებულად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. საინტერესოა, რომ პალმერმა, გეგმის თანახმად, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე „მანჩესტერ სიტი” უნდა დატოვოს, მაგრამ ახალგაზრდა ინგლისელი ცდილობს ინგლისის ჩემპიონის შეფობას დაუმტკიცოს, რომ მისი გაშვება შეცდომა იქნება.
საბოლოოდ, სუპერთასის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც პეპ გვარდიოლას გუნდმა იძალა. ინგლისის სუპერთასისგან განსხვავებით, სადაც პალმერმა ასევე შესანიშნავად ითამაშა, „სიტიმ” ხუთივე თერთმეტმეტრიანი გაიტანა. სევილიელთაგან კი სერბმა ნემანია გუდელიმ ვერ შეაგდო — ხარიხას გაარტყა.
ამრიგად, „მანჩესტერ სიტი” გახდა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებული, რომელმაც ევროპა ლიგის მფლობელს აჯობა და სუპერთასს დაეუფლა. თან, „ქალაქელებმა” ეს ჯილდო პირველად მოიპოვეს. თუმცა, პირადად გვარდიოლას სუპერთასი უკვე სამჯერ ჰქონდა — ორჯერ „ბარსელონაში” მუშაობის დროს და ერთხელ „ბაიერნის” პერიოდში. ამ შეხვედრაში, მანჩესტერელთა სასტარტო შემადგენლობაში შედგა ახალწვეულის, 77 მილიონ გირვანქად ნაყიდი ხორვატი მცველის იოსკო გვარდიოლის დებიუტი.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რომ არა მეკარე ედერსონი, სევილიელთა გოლის მაროკოელი ავტორი ჰეთ-თრიქს შეასრულებდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
