An image of Peter Lim with Gattuso
გატუზო და ლიმი

გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ El Chiringuito-სთან ინტერვიუში დუმილი დაარღვია და „ღამურებთან” მუშაობის დროინდელი ამბები მომოყვა.

შარშან, როდესაც იტალიელმა მწვრთნელმა „ვალენსია” ჩაიბარა, გულშემატკივარმა ის შეიყვარა, როგორც ძლიერი და თავდადებული პიროვნება. ვალენსიელ გულშემატკივარს თავად რინოც კარგად იხსენებს.

„გულშემატკივრის სიყვარული თავიდანვე შევამჩნიე. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ურთულეს საქმეს მოვკიდე ხელი. ჩემთვის ასეთი დიდი კლუბის თავკაცობა უდიდესი პატივი იყო”, — თქვა გატუზომ.

შემდეგ იტალიელს „მესტალიაზე” მუშაობის სირთულეების შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ასეთ დიდ გუნდში ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ სანახევროდ ვერაფერს გააკეთებ. შენ ხდები დიდი ისტორიის თანაზიარი. ხვდები გარემოში, რომელსაც უდიდესი პატივი უნდა სცე. გასახდელიდან რომ გამოდიხარ 48 000 კაცი გეგებება და მხარს გიჭერს”.

შემდეგ გატუზომ დასძინა, რომ „ვალენსიაში” დღე და ღამ ფეხბურთზე უნდა იფიქრო; ფეხბურთით უნდა იცხოვრო.

„ლა ლიგა ძალიან რთულია. გაიხსენეთ, რა გადახდა „ვალენსიას” ბოლო ტურში და დამეთანხმებით, რომ მას ძალიან გაუმართლა პირველ დივიზიონში რომ დარჩა”, — გულწრფელად თქვა კალაბრიელმა მწვრთნელმა.

შემდეგ გატუზოს ჰკითხეს, ხომ არ დარჩა განცდა, რომ კლუბის პრეზიდენტმა სინგაპურელმა პიტერ ლიმმა მოატყუა. ასეთი განცდა მის ბევრ წინამორბედს დარჩენია.

„თავს გაცურებულად არ ვგრძნობდი, მაგრამ სეზონი რომ დაიწყო, სამ დღეში წამყვანი ფეხბურთელები კარლოს სოლერი და გონსალო გედეში გაყიდეს. მანამდე მითხრეს, რომ ფული ჰქონდათ და სატრანსფერო სეზონზე ორ-სამ ფეხბურთელს აუცილებლად იყიდიდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა…

…არ მინდოდა ხალხს ჰგონებოდა, რომ „ვალენსიას” ლიმთან მეგობრობის გამო ვედექი სათავეში. მე იქ იმიტომ ვმუშაობდი, რომ პროფესიონალი ვარ. მე გახლავათ ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს”.